#1 – Cardi B & Megan Thee Stallion – Wap
მიუხედავად იმისა, რომ წელს ქარდი ბიმ მხოლოდ ერთი სინგლი გამოუშვა, 2020 მის კარიერაში უდავოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბრონქსელმა რეპერმა ბილბორდისგან წლის ქალის წოდებაც დაიმსახურა, ხოლო მისმა და Megan Thee Stallion-ის ჰიტმა Wap ინტერნეტპლატფორმები გამოსვლისთანავე დაიპყრო. სიმღერას ახლაც უამრავი ქომაგი ჰყავს, რომლებიც მას თანამედროვე ფემინისტურ ჰიმნს უწოდებენ. ეს კოლაბორაცია მათთვის მანიფესტია, რომელიც ქალებს სხეულის ავტონომიისა და საკუთარი სექსუალური სურვილების ნორმალიზებისაკენ მოუწოდებს.
კომპოზიცია პირველივე კვირას ამერიკის ჩარტების სათავეში მოექცა და 93 მილიონი სტრიმით არიანა გრანდეს 7 Rings-ის დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. სიმღერა არტისტებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა ფინანსურადაც. ეს ქარდის ქონებაზეც აისახა, რაც 2020 წლის მონაცემებით, $24 მილიონზე მეტს შეადგენს.
#2: Megan Thee Stallion & Beyoncé – Savage (Remix)
კოლეგაზე არანაკლებ წარმატებული წელი ჰქონდა მეგან პიტს, რომელიც ბევრი მსმენელისთვის წლის აღმოჩენად იქცა. ჰიუსტონელმა რეპერმა, რომელიც Megan Thee Stallion-ის ფსევდონიმით მოღვაწეობს, თავდაპირველი ყურადღება საკუთარი ფრისტაილის ტიპის ვიდეობით მიიპყრო, რომელიც სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. სულ ახლახანს კი არტისტმა სადებიუტო ალბომი Good News შემოგვთავაზა.
Wap-ის გარდა, 2020 წლის ჩარტებს სათავეში მეგანის მეორე სიმღერა Savage-იც ედგა. კომპოზიცია 6 მარტს სოლო ჩანაწერის სახით გამოვიდა, ხოლო 27 აპრილს მისი რემიქსიც ვიხილეთ, რომელშიც რეპერს თანაქალაქელი მუსიკის ლეგენდა, ბიონსე შეურთდა. ერთ თვეში სიმღერა უკვე მსოფლიო ჰიტად იქცა და რეიტინგის პირველ ადგილსაც მიაღწია. კომპოზიციამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა კრიტიკოსებისგანაც და MTV Video Music Awards-ის საუკეთესო ჰიპ-ჰოპის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
#3: Christine and The Queens – People, I’ve Been Sad
სიაში მესამე ადგილს ფრანგი პოპ არტისტის – ელოიზ ლეტისიეს, იგივე Christine and The Queens-ის კომპოზცია – People, I’ve Been Sad იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას არც განსაკუთრებული კომერციული წარმატება მოჰყოლია და არც მსოფლიოს რომელიმე ჩარტის ათეულში შეუღწევია, იგი კრიტიკოსებისა და სამუსიკო გამოცემების ფავორიტად იქცა და ბევრის გასაკვირად ჟურნალ Time-ისგან 2020 წლის საუკეთესო სიმღერის წოდება მიიღო, ხოლო NPR-სა და Pitchfork-ის სიებში მეორე ადგილი დაიკავა. ელოიზი საკუთარ სიმღერაში, მსმენელს სულიერ ტკივილსა და შინაგან მარტოობაზე ჯერ ინგლისურად, ხოლო შემდგომ ფრანგულად ესაუბრება.
#4: Lady Gaga & Ariana Grande – Rain on Me
Rain on me ლეიდი გაგას რიგით მეექვსე სტუდიური ალბომის Chromatica-ს ნაწილია, რომელმაც ამერიკის თითქმის ყველა დიდი დაჯილდოება გამარჯვებულის სტატუსით დაასრულა. სიმღერის ტექსტი ლირიცისტებთან ერთად, თავად არტისტმა და არიანა გრანდემ შექმნეს. გაგამ ჟურნალ Paper-თან მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა და განმარტა, რომ სიმღერაში ნახსენები წვიმის წვეთები მისი და არიანას ცრემლებია, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნის დროს მიღებული ტრავმებითაა გამოწვეული. ამის მიუხედავად, კომპოზიცია დადებითი მუხტითა და პოზიტიური ნოტებით გამოირჩევა, მისი ტექსტი კი ორი ქალის დიალოგს წარმოადგენს, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელო წინსვლა და იყო მადლიერი.
#5: The Weeknd – Blinding Lights
კანადელი შემსრულებელი აბელ ტესფაი, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში, მსმენელებისთვის, The Weeknd-ის სახელითაა ცნობილი ბევრისთვის საყვარელი ხმაა. ამას მისი უკანასკნელი ალბომის – After Hours-ის დიდი წარმატებაც ადასტურებს. განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა კომპოზიციამ Blinding Lights, რომელიც თვეზე მეტხანს იყო ლიდერი არა მარტო ამერიკის, არამედ კანადის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ჩარტებშიც. სიმღერა ტესფაის შემოქმედებიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა. მრავალი ფანი მის დიდ წარმატებასაც წინასწარმეტყველებდა, რაც ნაწილობრივ გამართლდა კიდეც, როცა კომპოზიცია MTV Video Music Awards-ზე 6 ნომინაციაზე წარადგინეს. თუმცა, დიდი სკანდალი მოჰყვა არტისტის წლევანდელი გრემის ნომინაციების მიღმა დარჩენას, რასაც თავად აბელიც გამოემხაურა და ხმის ჩამწერ აკადემიას კორუმპირებული უწოდა.
გრემის რიგით 63-ე დაჯილდოება 2021 წლის 31 იანვარს გაიმართება, რომელშიც ყველაზე მეტი – ცხრა ნომინაცია მუსიკალური აკადემიის მუდმივ ფავორიტს, დედა ფუტკარს, ბიონსეს ერგო.