ადამიანები ოფისებს უბრუნდებიან და ისინი აღარ არიან ისეთები, როგორებიც 2020 წლის მარტში, პანდემიამდე იყვნენ. ამ საკითხზე Microsoft-ის უახლესი Work Trend Index მსოფლიოს 31 ქვეყანაში, 31 000 ადამიანისგან მონაცემებს აგროვებს, იკვლევს შრომის ტენდენციებს LinkedIn-იდან და პროდუქტიულობას Microsoft 365-იდან. კვლევის მიზანია, მომავალი ერთი წლის განმავლობაში უკეთ დავინახოთ, რა სურთ დასაქმებულებს რეალურად. პასუხები ლიდერებს წინსვლის გზაზე აუცილებლად გამოადგებათ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ გასულმა ორმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა დასაქმებულთა ფსიქიკაზე, შეცვალა მათი მოლოდინები და ასევე, ძირეულად შეცვალა სამუშაოს შესრულების სტილიც. სწორედ ახლა მკვლევრები ხედავენ გადამწყვეტ მომენტს, სადაც ლიდერობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ისინი, ვინც ითვისებენ ახალ აზროვნებას და ცვლიან დამკვიდრებულ ნორმებს, თავიანთ თანამშრომლებსა და ბიზნესს გრძელვადიანი წარმატებისთვის ამზადებენ. ასეთ სწრაფად ცვალებად და ტრანსფორმაციულ გარემოსთან ადაპტაცია მარტივი არ არის.
გთავაზობთ ხუთ ძირითად მიმართულებას, რაც ლიდერებს თავიანთი გუნდების გაძლიერების საშუალებას მისცემს:
დასაქმებულებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების მიმართ განსხვავებული პრიორიტეტები გაუჩნდათ
დავიწყოთ სამსახურით. დასაქმებულები ხელახლა განსაზღვრავენ, რა ღირს მათი სამსახური: რა სურთ მისგან და რისი გაცემა სურთ სანაცვლოდ. პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ დასაქმებულთა 47% ოჯახურ და პირად ცხოვრებას სამუშაოზე პრიორიტეტულად მიიჩნევს. 53%-ისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა.
Microsoft-ის კვლევის მიხედვით, Gen Z და მილენიალების 52% წელს დამსაქმებლის შეცვლას განიხილავს (სამუშაოს შეცვლის მსურველთა მაჩვენებელი წლიდან წლამდე 3%-ით იზრდება). ასევე, გამოკითხული რესპონდენტების 18%-მა გასული ერთი წლის განმავლობაში სამსახური დატოვა კეთილდღეობის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არასათანადო ბალანსის გამო. მოქნილი სამუშაო საათების ნაკლებობა დასახელებულია ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.
კითხვაზე, თუ რას ისურვებდნენ ახალი დამსაქმებლისგან, 46%-ის პასუხია პოზიტიური კორპორაციული კულტურა; კეთილდღეობა (42%), მიზნის არსებობის განცდა (40%), მოქნილი სამუშაო საათები (38%) და შვებულების ორ კვირაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდი (35%).
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალ მოლოდინებთან ადაპტაცია ყველასთვის კარგია. ის საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს, გააძლიერონ ამჟამინდელი თანამშრომლები და მოიზიდონ ახალი ნიჭიერი ადამიანები.
მენეჯერები ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მოლოდინებს შორის იჭყლიტებიან
მენეჯერები თანამშრომლების საჭიროებებთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები არიან და მათ აქ მთავარი როლი აკისრიათ. თუმცა, ხშირად ისინი გრძნობენ, რომ ახალი თანამშრომლების მოლოდინებსა და ლიდერების გადაწყვეტილებებს შორის „იჭედებიან“. გამოკითხული მენეჯერების ნახევარზე მეტი (54%) ფიქრობს, რომ თანამშრომლებთან საჭირო კავშირები დაკარგული აქვთ.
2021 წელს გამოკითხული დასაქმებულების 73%-ს სურდა, რომ მოქნილი სამუშაო რეჟიმი გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩენილიყო. თუმცა, წელს, ლიდერების 50% ამბობს, რომ ისინი ან ითხოვენ, ან გეგმავენ თანამშრომლებს სრული განაკვეთით ოფისში ყოფნა მოსთხოვონ.
დისტანციური ან ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში მომუშავე თანამშრომლების 80%-ს სჯერა, რომ მათი პროდუქტიულობა იგივეა ან გაუმჯობესდა, განსხვავებით ბიზნესლიდერების 54%-ისგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი გუნდი ნაკლებად პროდუქტიული იყო დისტანციურ ან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ.
ახლა მენეჯერების ვალია, მედლის ორივე მხარე დაინახონ. მაგრამ მთელი ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდება, თუ მათ არ ექნებათ მოქმედების თავისუფლება. როდესაც მენეჯერების 74% ამბობს, რომ მათ არ აქვთ ის გავლენა ან რესურსი, რაც საჭიროა ცვლილებების განსახორციელებლად, ეს ნიშნავს, რომ მმართველობით რგოლში აშკარა ხარვეზია და გადაჭრას საჭიროებს.
ოფისში მისვლა მგზავრობად უნდა ღირდეს
ადრე ოფისს სამუშაოსთან ვაიგივებდით, მაგრამ ახლა, როდესაც დამტკიცდა, რომ მუშაობა თითქმის ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება, ჩნდება კითხვა – რა როლს ასრულებს ოფისი?
თანამშრომლების 51%, რომლებიც ამჟამად ჰიბრიდულ ფორმატში მუშაობენ, აცხადებენ, რომ მომავალ წელს სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას განიხილავენ. როგორც ჩანს, ჰიბრიდული მოდელით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ისინი აღარ არიან დარწმუნებულები, რომ ჰიბრიდული რეჟიმი „მუშაობს“. მათი 38% ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევაა იმის ცოდნა, თუ როდის ან რატომ უნდა მივიდეს ოფისში.
როგორც ჩანს, მენეჯერებისთვის ახლა მთავარი მიზანი თანამშრომლების მხოლოდ ოფისში შეყვანა არ უნდა იყოს. უფრო მნიშვნელოვანი მათი დროის მაქსიმალურად გამოყენებაა, განსაკუთრებით ჰიბრიდულ შეხვედრებზე. ჰიბრიდულად დამსწრე თანამშრომლების 44% და დისტანციურ მონაწილეთა 43% თავს არ გრძნობს შეხვედრებში ჩართულად. ამის მიუხედავად, ორგანიზაციების მხოლოდ 27%-მა დაადგინა ახალი ჰიბრიდული შეხვედრების ეტიკეტი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, თანაბრად და აქტიურად ჩაერთოს.
იმისათვის, რომ ოფისში მისვლა ღირდეს მგზავრობად, ლიდერებმა მიზანმიმართულად უნდა დაადგინონ, ვინ, სად და რატომ უნდა შეიკრიბოს; დააწესონ შეხვედრის ახალი ეტიკეტი, რომელიც ყველას თანაბარ ადგილს სთავაზობს მაგიდასთან.
მოქნილი სამუშაო არ უნდა ნიშნავდეს „ყოველთვის მომუშავეს“
2020 წლის დასაწყისიდან ბევრი დასაქმებული უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე ოდესმე. Microsoft 365-ში პროდუქტიულობის ანონიმურ შაბლონებზე დაკვირვებით დადგინდა, რომ სამუშაო დღის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა (+13%), გაზრდილია ზეგანაკვეთური საათების რაოდენობა (+28%) და შაბათ-კვირას მუშაობის შემთხვევები (+14%).
თუმცა, დამაიმედებელია ის, რომ თანამშრომლები უფრო მიზანმიმართულად ატარებენ დროს და ფორმას უცვლიან თავიანთ სამუშაო დღეებს. შარშანდელთან შედარებით, შეხვედრები ორშაბათს გვიან იწყება და პარასკევს უფრო ადრე მთავრდება, ხოლო ლანჩის საათებში ნაკლები შეხვედრები იმართება.
მიუხედავად დამაიმედებელი გარემოებებისა, ბალანსის შესანარჩუნებლად, გუნდებმა უნდა დააწესონ ახალი ნორმები, რომლებიც დაადგენს საზღვრებს და მოქნილი გრაფიკი არ იქცევა „ყოველთვის მომუშავედ“.
სოციალური კავშირების აღდგენა ჰიბრიდულ სამყაროში
დისტანციური მუშაობის ეფექტები სამსახურებრივ ურთიერთობებზე უკვე აისახა – მხოლოდ დასაქმებულთა ნახევარმა შეინარჩუნა წარმატებული ურთიერთობები თანამშრომლებთან.
ექსპერტების განმარტებით, ბოლო ორ წელიწადში დაკარგული სოციალური კავშირების აღსადგენად ოფისში დაბრუნება ერთადერთი გზა არ არის. ურთიერთობის აღსადგენად ორგანიზაციებმა შესაბამისი დრო და სივრცე უნდა შექმნან; განსაკუთრებით ყურადღება უნდა გაამახვილონ დისტანციურად მომუშავე და ასევე ახალი თანამშრომლების კატეგორიაზე. ნეთვორქინგი და ინტერპერსონალური ურთიერთობები დაკარგული სოციალური კავშირების აღდგენისთვის მნიშვნელოვანი იქნება.