საქართველოში მალე პირველი სოციალური ქსელი შეიქმნება, რომელიც ადამიანებს გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დააკავშირებს. Tasteit–ის შექმნის იდეა პროფესიით არტ დირექტორს – გიორგი ურუშაძეს ორი სიტყვის – Dating-ისა და Food–ის გაერთიანების შედეგად გაუჩნდა:
„ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს სარეკლამო სააგენტო Ogilvy Berlin–ში Foodpanda–ს ბრიფზე ვმუშაობდი. ჩემთვის სხვადასხვა იდეასა და სიტყვას ვწერდი. უცებ, ერთმანეთს ორი სიტყვა – Dating და Food დავუკავშირე და იდეაც მოვიდა.
მაშინვე მივხვდი, კარგ რამეს მივაგენი და ადამიანების დაკავშირება კერძების/სასმელების გემოვნების მიხედვით, შეიძლება, ახალი, დიდი სტარტაპის დასაბამი გამხდარიყო. ასე დაიბადა, პირველი სოციალური ქსელის იდეა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დააკავშირებს“.
გიორგი მიიჩნევს, რომ Tasteit ადამიანებს ერთმანეთის გაცნობის მიზეზს აძლევს.
„გარდა ადამიანების დაკავშირებისა, აპში კერძები თუ სასმელები, გარკვეულწილად, „ინფლუენსერები“ იქნებიან და მათ გამომწერები ეყოლებათ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი უარს ამბობს გაცნობის აპლიკაციების გამოყენებაზე, რადგან მათ შინაარსი დაკარგეს და უფრო ერთჯერადი გართობის საშუალებებად იქცნენ. მივხვდი, ადამიანებს სჭირდებოდათ მიზეზი, რის გამოც სხვა ადამიანის გაცნობა მეტ ბენეფიტს მოუტანდა.
Tasteit ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა და არა მარტო, დეითზე წასვლას უფრო ამარტივებს, სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი ლეგალიზაციაა. როცა მეორე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს Tasteit–ის საშუალებით შეხვდები, ეს არ ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად დეითზე ხარ, ეს უბრალოდ ნეთვორქინგის ახალი გზა იქნება.
დაბოლოს, მეტწილად სად დგება პირველი პაემანი ან შეხვედრა? ძირითადად კაფეში, ბარში, ან რესტორანში. ჩვენი იდეა კი, ისედაც არსებულ ბუნებრივ მოცემულობას აპლიკაციად აქცევს“, – ამბობს გიორგი.
გიორგი Shark Tank საქართველოს ერთ–ერთი გამარჯვებულია. მისი ინვესტორები პავლე მგელაძე და ქეთი ქვარცხავა არიან, რომლებმაც კომპანიის 25-25%-იანი წილი შეისყიდეს და ჯამში პროექტი 100 000 ლარით დააფინანსეს:
„იდეა ახალი დაბადებული იყო, როდესაც Shark Tank საქართველოს შესახებ გავიგე. საქმეების გაჭიანურება არ მჩვევია, ამიტომ არც დავფიქრებულვარ, პირდაპირ შევავსე აპლიკაცია. მთავარი მიზანი სწორი პარტნიორების პოვნა და, რა თქმა უნდა, დაფინანსების მიღება იყო.
ინვესტიცია ძირითადად აპის დეველოპმენტისთვის გვჭირდებოდა, ეს პროცესი კი უკვე დაწყებულია და მომხმარებელს რამდენიმე თვეში აპის ბეტა ვერსიას შევთავაზებთ“.
როგორც გიორგი გვპირდება, აპის ჩაშვებისთანავე, მომხმარებელი ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს:
„იდეის მუშაობის პროცესში ბევრი დეტალი შეიცვალა და დაიხვეწა, დაემატა ისეთი ფუნქციები, რაც აპს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, ამიტომ მომხმარებელი აპის პირველივე ვერსიის ჩაშვებისთანავე ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს“.
რატომ Tasteit?
„ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – ეს იდეურად უნიკალური აპია, რომელიც ადამიანებისთვის ჩვეულ და საყვარელ ქცევებს – კვებასა და გაცნობას აპლიკაციად აქცევს. ეს იქნება ახალი გზა ახალი გემოების აღმოჩენად. ასე რომ, Tasteit–ის დაგემოვნება ნამდვილად ღირს“, – ამბობს გიორგი ურუშაძე.
შეგახსენებთ, SONY Pictures–ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელიც უკვე 13 სეზონია, მაყურებლების ფავორიტი გადაცემაა. საქართველოს პირველ არხზე Shark Tank საქართველოს გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. 4 ემის მფლობელმა შოუმ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველი სეზონი წარმატებით დაასრულა. სულ ცოტა ხნის წინ კი Shark Tank საქართველოს მეორე ნაკადზე განაცხადების მიღება დასრულდა.