ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი ყოველ წელს კინომოყვარულთა დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა. თუმცა, წლების განმავლობაში, ცერემონიალზე მომხდარმა სკანდალებმა, არამარტო კინომოყვარულების, არამედ სრულიად საზოგადოების ყურადღება მიიქცია.
გთავაზობთ ამბებს ოსკარების ცერემონიალებიდან, რომლებმაც თავის დროზე მთავარი თემები გადაფარა.
1974 წლის ოსკარის ცერემონიალის წამყვანი დევიდ ნივენი სცენაზე ელიზაბეტ ტეილორის მოწვევას აპირებდა, როდესაც მის ზურგს უკან, ერთი კულისიდან მეორეში, შიშველმა მხატვარმა და ფოტოგრაფმა რობერტ ოპელმა გაირბინა. ამით ოპელმა ლოს-ანჯელესის სანაპიროებზე ნუდისტური პლაჟების აკრძალვა გააპროტესტა.

2000 წელს განხილვის საგანი გახდა ანჯელინა ჯოლისა და მისი ძმის კოცნა წითელ ხალიჩაზე.
ამავე დღეს ანჯელინა ჯოლიმ მიიღო ოსკარი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
„ამჟამად ძალიან შეყვარებული ვარ ჩემს ძმაზე“, − თქვა ჯოლიმ სიტყვით გამოსვლისას.

2000 წელს მეთ სტოუნი და თრეი პარკერი ოსკარების ცერემონიალს ჯენიფერ ლოპესისა და გვინეტ პელტროუს კაბებში გამოწყობილნი დაესწრნენ.

2003 წელს რომან პოლანსკი ფილმისთვის პიანისტი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს, მაგრამ მან ჯილდოს პირადად მიღება ვერ შეძლო. რეჟისორმა 1977 წელს 13 წლის სამანტა გეილის გაუპატიურება აღიარა. გამოძიებასთან თანამშრომლობის მიუხედავად, დევნის შიშით რომან პოლანსკი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო.

2003 წელს მაიკლ მურიმ თავისი გამოსვლა პრეზიდენტ ბუშის კრიტიკას დაუთმო. მას შემდეგ, რაც მოიპოვა ოსკარი ფილმისთვის ბოულინგი კოლუმბიანასთვის, მან განაცხადა:
„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც გვყავს კაცი, რომელიც გამოგონილი მიზეზების გამო ომში გვგზავნის… სირცხვილი, ბატონო ბუშ, სირცხვილი თქვენ“.

2016 წელს ოსკარის ცერემონიალს წინ რეჟისორ სპაიკ ლის მიერ ინტერნეტსივრცეში ორგანიზებული აღშფოთების ტალღა უძღოდა. საქმე ისაა, რომ ნომინირებულთა შორის არც ერთი აფროამერიკელი არ იყო. კოლეგას მხარი ბევრმა მსახიობმა და რეჟისორმა დაუჭირა, რამაც #OscarsSoWhite-ის მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი.

2017 წელს საუკეთესო ფილმების ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის – მთვარის შუქის ნაცვლად ფეი დანავეიმ და უორენ ბიტიმ შეცდომით La La Land გამოაცხადეს.
2019 წელს ოსკარის ცერემონიალი წამყვანის გარეშე ჩატარდა, რადგან მსახიობმა კევინ ჰარტმა უარი განაცხადა მონაწილეობაზე, ხოლო მისი შემცვლელის პოვნა ვეღარ მოასწრეს.

ფილმი პარაზიტი 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებული იყო. რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც მსახიობები ცერემონიალის დასასრულს სცენაზე გამოვიდნენ, რათა აეღოთ ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის, განათება გაითიშა.
2022 წელს უილ სმიტმა ოსკარის დაჯილდოების წამყვანს – კრის როკს სახეში გაარტყა. უილ სმიტი ცოლზე ხუმრობამ გააღიზიანა.