2022 წელი საფონდო ბაზრისთვის უჩვეულო გამოდგა. სამ თვეზე მეტია, აქციების ფასი მუდმივად მცირდება. განსაკუთრებული ვარდნა განიცადა ტექნოლოგიური კომპანიების აქციებმა. S&P 500 წლის დასაწყისიდან 16%-ით, Dow Jones 12%-ით და Nasdaq 25%-ით არის შემცირებული, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2020 წლის შემდეგ. რადგან ინვესტორებმა სარისკო აქტივების მოშორება დაიწყეს, გაიაფდა ბიტკოინიც, რომლის ფასი $28 000-ს ჩამოსცდა. კრიპტოვალუტის ღირებულება 2021 წლის ნოემბრის პიკის ($69 000) შემდეგ განახევრებულია.
რამ გამოიწვია აქციების ასეთი გაუფასურება?
ძირითადი მიზეზი მაღალი ინფლაციაა. მსოფლიო ბაზარზე ახლა ფასები იმაზე უფრო
მეტად არის გაზრდილი, ვიდრე საფონდო ტრეიდერები წარმოიდგენდნენ. უკრაინაში
რუსეთის შეჭრისა და ჩინეთში COVID-19-ის მზარდი შემთხვევების გამო ეკონომიკა
ძლიერ შოკებს განიცდის.
ინფლაციის მაჩვენებელი 40 წლის მაქსიმუმზეა აშშ-ში. აპრილში ფასებმა 8.3%-იანი
წლიურ ზრდა აჩვენა. ინფლაცია ძველი ნიშნულისკენ რომ დააბრუნოს, Fed მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. ახლახან საპროცენტო განაკვეთი კიდევ 50 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. ეს სიტუაცია ინვესტორებს შორის დაბნეულობას იწვევს – მათ არ იციან, როგორ იმოქმედებს Fed მომავალში და როგორ შეიცვლება ფასები. ტრეიდერების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ივნისში საპროცენტო განაკვეთი კიდევ 75 საბაზისო პუნქტით შეიძლება გაიზარდოს, რაც ეკონომიკას კიდევ უფრო შეანელებს. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, უარყოფითად მოქმედებს
აქციების ფასებზე და ამცირებს მათ მომგებიანობას.
კომპანია Netflix-ის აქციების ფასი კიდევ უფრო მეტად დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ პირველ კვარტალში ბევრი აბონენტი დაკარგა. კომპანია Uber ამბობს, რომ ხარჯების შეკვეცის მიზნით მძღოლების დაქირავებას ამცირებს. კომპანია Meta გეგმავს, ასევე, შეზღუდოს ახალი თანამშრომლების აყვანა. Amazon-ის, Alphabet-ისა და Meta-ს აქციები წელს 20%-ზე მეტად არის შემცირებული. ინვესტორებმა, რომლებიც ასეთი არასტაბილურობის დროს უსაფრთხო აქტივებს ეძებენ, საფონდო ბირჟიდან ობლიგაციების ბაზარზე გადაინაცვლეს. ამის გამო 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი 2.85% გახდა.
ინვესტორებს შეშფოთების მიზეზი აქვთ – რუსეთი აგრძელებს უკრაინაში ომს, რამაც
შეიძლება გაამწვავოს ინფლაციის ზრდა, გაგრძელდეს მიწოდების ჯაჭვის პრობლემები
და ნავთობის ფასის ცვლილებები.
ასეთ არაპროგნოზირებად ვითარებაში ინვესტორები მეტი ყურადღებით ადევნებენ
თვალყურს ცალკეული კომპანიების კვარტალურ შედეგებს – განსაკუთრებით
აკვირდებიან ცნობებს მათი სამომავლო გეგმების შესახებ, რათა გამოიცნონ, ზრდის
როგორი ტემპი ექნებათ და მათი მომხმარებლები როგორ გაუმკლავდებიან ფასების
კიდევ უფრო ზრდას.
შენელებული ეკონომიკა
აშშ-ის ეკონომიკა 2022 წლის პირველ კვარტალში მოულოდნელად შემცირდა. მშპ
1,4%-ით დაეცა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით ანალიტიკოსების
აზრი ორად არის გაყოფილი. მაგალითად, Goldman Sachs-ის შეფასებით, არ არის
გამორიცხული, ივნის-ივლისში აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში აღმოჩნდეს. ექსპერტების მეორე ნაწილი უფრო ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს და ვარაუდობს, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, რადგან სამომხმარებლო ხარჯებისა და ბიზნესში ინვესტიციების ზრდა მშპ-ის ზრდას შეუწყობს ხელს.
ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ინფლაციამ, სავარაუდოდ, მიაღწია პიკს, თუმცა,
Fed-ს განაკვეთების გაზრდა შეიძლება მაინც დასჭირდეს, რადგან ფასების
დასტაბილურებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
აქციები სამუდამოდ არ ეცემა
საფონდო ბაზრის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აქციების ყიდვა ახლა შესაძლოა,
უფრო ხელსაყრელი იყოს, რადგან ისინი გაიაფებულია. მათი თქმით, აქციების შეძენა
არასოდეს არის ცუდი იდეა, რადგან ბირჟაზე ვარდნა საკმაოდ ხშირია და
დროთა განმავლობაში ის აუცილებლად აღდგება. Goldman Sachs ვარაუდობს, რომ
საფონდო ბაზარზე სიტუაცია 6-იდან 12 თვემდე ვადაში გამოსწორდება. Wall Street-ის
ტრეიდერების უმეტესობა კი აქციებზე ფასების ზრდას წლის ბოლომდე ელოდება.
მანამდე ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, აქციების დივერსიფიცირებული
პორტფელის შექმნაზე იზრუნონ.