ბოლო ათი წლის განმავლობაში წარმატებულმა ფილმებმა რამდენიმემილიარდიანი მოგება მოუტანა შემქმნელებს. 2010 წლიდან დღემდე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში ლიდერობას არ თმობენ Marvel-ის ნამუშევრები. ყველაზე მომგებიანი ფილმების ათეულში ხუთი ადგილი სწორედ Marvel-ის ფილმებს უკავიათ. Marvel-ის კინემატოგრაფიული სამყარო (MCU) კი Walt Disney Pictures–ის დაქვემდებარებაშია.
ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეული ასე გამოიყურება:
ყველაზე მომგებიანი ფილმების ჩამონათვალში მეათე პოზიციას MCU-ს ოსკარზე ნომინირებული ფილმი Black Panther იკავებს. მისი გადაღება სტუდიას $200 მილიონი დაუჯდა, ბლოკბასტერის მოგებამ კი $1.347 მილიარდს გადააჭარბა. Black Panther კინოთეატრებში 2018 წელს გამოვიდა. მასში მთავარი როლები ოსკაროსანმა ლუპიტა ნაიოგომ, მაიკლ ბი ჯორდანმა და ჩედვიკ ბოუსმანმა შეასრულეს. ფინანსური მოგების გარდა, ფილმმა Marvel-ს კრიტიკოსების აღაირებაც მოუტანა. Black Panther-მა ოსკარის შვიდი ნომინაცია დაიმსახურა. იბრძოდა საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც, რაც ბლოკბასტერისთვის დიდი მიღწევაა. საბოლოოდ, ფილმმა სამი ოსკარი დაიმსახურა.

ჩამონათვალში მეცხრე ადგილს კვლავ Marvel-ის ნამუშევარი იკავებს. Avengers: Age of Ultron ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია. შურისმაძიებლების მორიგ თავდგადასავალზე გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ვარსკვლავური სამსახიობო ანსამლი თამაშობს – რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ევანსი, იდრის ელბა, სკარლეტ იოჰანსონი, მარკ რაფალო. ფილმის გადაღება $500 მილიონი დაჯდა, მოგებამ კი $1.403 მილირადი შეადგინა.

ათეულში მერვე ადგილზე Walt Disney Pictures-ის ანიმაცია Frozen-ის მეორე ნაწილია. ანიმაცია ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა. მთავარ პერსონაჟებს ჰოლივუდის მსახიობები კრისტენ ბელი და ბროდვეის მუზიკლების ვარსკლავი იდინა მენზელი ახმოვანებენ. სწორედ იდინა მენზელი ასრულებს კომპოზიციებს, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ანიმაციის ბიუჯეტი $150 მილიონია, მოგება კი – $1.450 მილიარდი. ელზას, ანას, ოლაფისა და კრისტოფის ახალი თავგადასავალი არა მხოლოდ პატარებს, არამედ მათ მშობლებსაც მოეწონათ და კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ათეულში მეშვიდე პოზიციას ლეგენდარული The Fast & Furious-ის მეშვიდე ფილმი იკავებს. მთავარ როლს ვინ დიზელი ასრულებს. თავგადასავლებისა და მძაფრსიუჟეტიანი სცენების მოყვარულებს ფრენჩაიზი განსაკუთრებით უყვართ, მეშვიდე ფილმმა კი საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ფილმის პრემიერა 2015 წელს ჩინეთში შედგა. მისი გადაღება კინოსტუდია Universal Pictures-ს $190 მილიონი დაუჯდა, მოგებამ კი $1.516 მილიარდს გადააჭარბა.

მეექვსე ადგილზე 2012 წელს გამოსული Marvel-ის შურისმაძიებლებია. Marvel-ის სუპერგმირები ამჯერად ლოკის წინააღმდეგ ერთიანდებიან. იქ, სადაც მხარდამხარ კაპიტანი ამერიკა, თორი, რკინის კაცი, ჰალკი, შავი ქვრივი და ნიკ ფიური იბრძვიან, სამყარო კიდევ ერთხელ გადარჩება. ვარსკლავური ანსამბლით ბლოკბასტერის გადაღება $220 მილიონი დაჯდა, მოგებამ კი $1.519 მილიარდი შეადგინა.

მეხუთე ადგილს Lion King-ის 2019 წლის კომპიუტერულად ანიმირებული ვერსია იკავებს. ფილმში მთავარ როლებს ბიონსე, დონალდ გლოვერი და სეთ როგენი ახმოვანებენ. Lion King-ის შექმნა Walt Disney Pictures-ს $260 მილიონი დოლარი დაუჯდა. მისი შემოსავალი კი $1.657 მილიარდია.

მეოთხე ადგილზე კინოსტუდია Universal Pictures-ის Jurassic World-ია. სამეცნიერო-სათავგადასავლო ფილმი მეოთხეა იურული პერიოდის პარკზე შექმნილ ფილმებში. მთავარ როლებს კრის პრატი და ბარის დალას ჰოვარდი თამაშობენ. ფილმის პროდიუსერი Jurassic Park-ის საგას შემქმნელი სტივენ სპილბერგია. ფილმის პრემიერია 2015 წელს შედგა, მისი ბიუჯეტი $150 მილიონია, მოგება $1.670 მილიარდია.

მესამე ადგილზე Marvel-ის კიდევ ერთი ბრწყინვალე ნამუშევარი Avengers: Infinity War-ია, რომელმაც ფანების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. შურისმაძიებლები სამყაროს მოსახლეობის განადგურების სურვილით შეპყრობილი თანოსის წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა, უსასრულობის ომის დასასრულს მარცხდებიან. მარველის სამყაროში ყველაზე ძლიერი უარყოფითი გმირის წინაშე ყოვლისშემძლე შურისმაძიებლებიც კი უძლურები არიან. ფილმის გადაღება $400 მილიონი დაჯდა, მოგება კი $2.048 მილიარდია. ბლოკბასტერის პრემიერა 2018 წელს შედგა. ისტორიის გაგრძელების სანახავად ფანებს ერთი წელი მოუწიათ ლოდინი.

ათეულში მეორე ადგილზეა 2015 წელს გამოსული Star Wars: The Force Awakens. ფილმის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია, პროდიუსერი კი Star Wars-ის სამყაროს შემქმნელი ლეგენდარული ჯორჯ ლუკასია. ფილმზე სადისტრიბუციო უფლებები Walt Disney Pictures-მა მიიღო. Star Wars-ის გაგრძელების ტრილოგიაში პირველ და ფრენჩაიზში კი მეშვიდე ეპიზოდში ჰარისონ ფორდი და მარკ ჰემილი დაბრუნდნენ. მათ პარტნიორობა ადამ დრაივერმა, დეიზი რიდლიმ და ჯონ ბოიეგამ გაუწიეს. ფილმის გადაღება $306 მილიონი დაჯდა, მოგებამ $2.068 მილიარდს გადააჭარბა.

ბოლო ათწლეულის ყველაზე მომგებიანი ფილმების სიას სათავეში კვლავ Marvel უდგას ფანებისა და კრიტიკოსების რჩეულით – Avengers: Endgame. შურისმაძიებლების ფრენჩაიზის ბოლო ფილმსა და ისტორიის დასასრულს თაყვანისმცემლები ერთი წელი ელოდნენ. ფილმი ყველა სუპერგმირს თანოსის წინააღმდეგ აერთიანებს. ემოციური, დაძაბული, სევდიანი და შთამბეჭდავი – ასე შეაფსეს ფანებმა Avengers: Endgame. კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბლოკბასტერის გადაღება $356 მილიონი დაჯდა. მოგებამ კი $2.798 მილიარდი შეადგინა.
