2016 წელს Marvel Studio-მ საკულტო სუპერგმირ Doctor Strange-ზე ამავე სახელწოდების ფილმი გამოუშვა, რომელშიც მთავარი როლი ბრიტანელმა მსახიობმა ბენედიქტ ქამბერბაჩმა შეასრულა. ნამუშევარს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და კომპანიას $677 მილიონის შემოსავალიც მოუტანა. 6 წლის შემდეგ MCU მისი სიქველის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც Doctor Strange in the Multiverse of Madness ერქმევა.
ფილმის სიუჟეტი სერიალ WandaVision-სა და სპაიდერმენზე გადაღებულ უკანასკნელ ფილმ Spider-Man: No Way Home-ში განვითარებული მოქმედებების შემდეგ მიმდინარეობს. საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს ელიზაბეთ ოლსენის პერსონაჟ The Scarlet Witch-ს, რომელსაც მართალია, აქამდე სტივენ სტრეინჯთან განსაკუთრებული შეხება არ ჰქონია, თუმცა, ტრილერიდან ვიგებთ, რომ ამ ორ გმირს ბევრი საერთო აქვს.
ფილმის რეჟისორი სემ რაიმი იქნება, რომელსაც პოპულარობა 2002-2007 წლებში შექმნილმა სპაიდერმენის ტრილოგიამ მოუტანა. ფილმის სცენარზე კი მაიკლ ვორდონმა იმუშავა, რომელიც 2021 წლის ტრიუმფატორი სერიალის – Loki-სა და საკულტო ანიმაცია Rick and Morty-ის სცენარისტია.
ფილმის გმირები, რომლებსაც წარსულის ტრავმები ტანჯავთ, ხსნას განსხვავებულ რეალობებში მოგზაურობასა და დაკარგულის დაბრუნებაში ხედავენ. სტივენ სტრეინჯის გონებას აპოკალიფსური სცენარები და კრისტინ პალმერისადმი სიყვარული არ აძლევს მოსვენებას, მეორე მხარეს კი მგლოვიარე დედა – ვანდა მაქსიმოვი დგას. ქალის სიზმრები მისი ტყუპი ბიჭუნას – ტომისა და ბილის ჩვენებებითაა სავსე, რომლებიც სხვა რეალობებში კვლავაც აგრძელებენ არსებობას.
ექსპერტთა აზრით, MCU, რომელიც მეოთხე ფაზაშია, ამ ნამუშევრით ჯერჯერობით ყველაზე ღიად ცდილობს კინემატოგრაფიაში იმ ფენომენის გადმოტანას, რომელიც ალტერნატიული სამყაროებისა და მულტივერსის სახელითაა ცნობილი.
მაყურებელი ფილმის ხილვას კინოთეატრებში 6 მაისიდან შეძლებს.