90-იანი წლების ბოლოს ამერიკის საფონდო ბირჟებზე გამოჩნდა ასობით დამწყები ტექნოლოგიური კომპანია, რომელთა საქმიანობაც ახლად შექმნილ ინტერნეტს უკავშირდებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში dot-com კომპანიების აქციებზე ფასები რეკორდული სიჩქარით იზრდებოდა. ტექნოლოგიური სტარტაპების მომგებიანობასთან დაკავშირებულმა გადაჭარბებულმა ოპტიმიზმმა საფონდო ბირჟაზე dot-com ბუშტი წარმოქმნა. 2000 წლის მარტში გარდაუვალი რეცესია დაიწყო და dot-com-ების დიდი ნაწილი გაკოტრდა. დანაკარგებმა $5 ტრილიონს მიაღწია. გასულ თვეებში საფონდო ბირჟების და განსაკუთრებით კრიპტოვალუტის ბაზრის დანაკარგების მასშტაბმა ბევრს სწორედ dot-com ბუშტი გაახსენა, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ფინანსური სექტორი შესაძლოა, ბევრად უფრო სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდეს.
2022 წლის პირველი კვარტალი ინვესტორებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგებით დასრულდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის, ინფლაციისა და ფედერალური რეზერვების სისტემის გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და კრიპტოვალუტების ღირებულება შემცირდა. შედეგად, საფონდო ბირჟებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადეს. მაგალითად, Nasdaq–ის ბირჟა 8.9%-ით შემცირდა. აქ წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასების ვარდნა dot-com-ის შემდეგ მართლაც უპრეცედენტო იყო. ამავდროულად, S&P 500-მა, რომელიც ნიუ იორკის საფონდო ბირჟის უდიდესი 500 კორპორაციის აქციების ფასების ცვლილების ტენდენციებს ასახავს, 17%-ით დაიკლო.
პირველი კვარტლის ტენდენციები მაისის განმავლობაშიც გრძელდებოდა. 2022 წლის აპრილის ბოლოს სამომხმარებლო საქონელზე ფასები 8%-ით გაიზარდა მაშინ, როცა ფედერალური რეზერვების სისტემის მიზანი ინფლაციის 2%-ზე დაბლა შენარჩუნებაა. შესაბამისად, მაისში საპროცენტო განაკვეთი კიდევ ერთხელ 0.75%-ით გაიზარდა. გამკაცრებულ ფისკალურ პოლიტიკასთან ერთად აქციების ფასებზე ნეგატიურად აისახა პანდემიის დროს ბიზნესის სტიმულირებისთვის მიღებული რეგულაციების მოხსნაც. ამიტომ საფონდო ბირჟების ვარდნა გრძელდება. ექსპერტების შეფასებით, მომდევნო წლებში აქციებით მიღებული მოგება ერთნიშნა რიცხვი იქნება და, ხშირ შემთხვევაში, 5%-ს არ გადააჭარბებს. ამ ფონზე Meta-ს, Twitter-ის, Amazon-ის, Netflix-ისა და სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ თანამშრომლების დაქირავების პროცესის შეჩერება მოსალოდნელი რეცესიის კიდევ ერთი მანიშნებელია.
ეკონომისტების შეფასებით, ამერიკაში რეცესია 2022 წლის ბოლოს დაიწყება და 2023 წელსაც გაგრძელდება. ექსპერტების აზრით, ცენტრალურ ბანკს ახლო მომავალში ინფლაციის 2%-ზე დაბლა დაწევა არ გამოუვა, ამიტომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა და აქციების ფასების კლება კვლავ მოსალოდნელია. ფედერალური რეზერვების სისტემამ პანდემიის დროს $3.9 ტრილიონის ღირებულების სტიმული გასცა და დიდი რაოდენობით ობლიგაციები შეისყიდა, რაც ინფლაციის მთავარ მიზეზად იქცა. ამ მდგომარეობასთან გასამკლავებლად ცენტრალურ ბანკს პოლიტიკის გამკაცრება მომავალშიც დასჭირდება. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამერიკელი ეკონომისტების პესიმისტურ პროგნოზს განაპირობებს, დანაზოგების მოცულობის მკვეთრი შემცირებაა. მაისში ამერიკელების დანაზოგების რაოდენობა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის პერიოდის ნიშნულამდე ჩამოვიდა.
მოსალოდნელი ფინანსური კრიზისის შესახებ არა მხოლოდ ამერიკული საფონდო ბირჟების მაჩვენებლები, არამედ მსოფლიო ბანკიც საუბრობს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის – დევიდ მალპასის თქმით, უკრაინის ომი, ჩინეთში საკარანტინე შეზღუდვების თავიდან შემოღება, მიწოდების ქსელის პრობლემები და მაღალი ინფლაცია ბევრ ქვეყანაში რეცესიას გარდაუვალს გახდის. მსოფლიო ბანკის 2022 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის ივნისის პროგნოზი მხოლოდ 2.9%-ია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე (5.7%) თითქმის ორჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკის 4.1%-ით ზრდას ვარაუდობდა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოლოდინები მკვეთრად გაუარესდა. მსოფლიო ბანკის თქმით, ინფლაციის არსებული დონე როგორც ფედერალური რეზერვების სისტემის, ისე სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მხრიდან მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გატარებასა და საპროცენტო განაკვეთის ზრდას მოითხოვს. ეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე ნეგატიურად აისახება და კრიზისს გაამძაფრებს.
მოსალოდნელი რეცესიის მასშტაბების ზუსტი შეფასება რთულია, თუმცა, ბევრი ეკონომისტისთვის ცხადია, რომ აშშ და ევროპა სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ამერიკის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის შენელება აშკარაა. მომავალი კრიზისის სიმწვავე ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის უკრაინის ომის, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების, ჩინეთში პანდემიის დასრულებასა და ცენტრალური ბანკების მიერ მიღებული ზომების სისწორეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომისტები რიგით მოქალაქეებს რეცესიისთვის მომზადებისკენ მოუწოდებენ: არაა აუცილებელი დანახარჯების შემცირება. ნაღდი ფულით დანაზოგის შენახვა და სტაბილური შემოსავლის წყაროების დროულად მოძიება ის მინიმალური ზომებია, რაც მოსალოდნელ კრიზისთან გამკლავებაში დაგვეხმარება.