25 აპრილს კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა Twitter $44 მილიარდად შეიძინა. მასკსა და კომპანიის მეწილეებს შორის მიღწეულ შეთანხმებამდე პოპულარული სოციალური ქსელი 16 წლის განმავლობაში საჯარო კომპანიად რჩებოდა და მისი წილების შესყიდვა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე იყო შესაძლებელი.
მასკმა, რომელსაც Twitter-ზე 80 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს, 25 მარტს გამოკითხვა ჩაატარა:
„სიტყვის თავისუფლება აუცილებელია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის. ფიქრობთ, რომ Twitter ამ პრინციპის ზედმიწევნით ერთგულია?“
რამდენიმე დღის შემდეგ მასკმა განაცხადა, რომ ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობდა, რადგან მიაჩნდა, რომ Twitter სიტყვის თავისუფლების პრინციპის სათანადოდ დაცვას ვერ ახერხებდა.
4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა პოპულარული სოციალური ქსელის უდიდესი წილი – 9.2% შეიძინა, ხოლო 14 აპრილისთვის კომპანიის სრულად შეძენას გეგმავდა. მასკის თავდაპირველ შეთავაზებაზე Twitter-მა უარი თქვა და მილიარდერს დირექტორთა საბჭოს წევრობა შესთავაზა, რაც მასკს კომპანიის 14.9%-ზე მეტის ფლობის საშუალებას არ მისცემდა. მასკმა ეს წინადადება უარყო და 21 აპრილს განაცხადა, რომ კომპანიის ნაღდი ანგარიშსწორებით შესაძენად $46.5 მილიარდზე მეტი ჰქონდა მობილიზებული, რის შემდეგაც მოლაპარაკებები განახლდა. პარალელურად, აპრილის განმავლობაში, კომპანიის აქციებზე ფასები თითქმის 40%-ით გაიზარდა. საბოლოო გარიგება მასკს, დირექტორთა საბჭოსა და რამდენიმე მსხვილ მეწილეს შორის მოხდა. მასკი Twitter-ის ყოველი წილისთვის $54.2-ს ნაღდი ფულით გადაიხდის, რაც მას $44 მილიარდზე მეტი დაუჯდება. შეთანხმების მიხედვით, კომპანიის სრულად შესაძენად საჭირო ტრანზაქციები და სხვა პროცედურები 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მასკის მიერ სოციალური ქსელის შეძენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Twitter-ის აქციების ფასი 6.4%-ით გაიზარდა.
უკვე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა Twitter-ის გარდაქმნის შესაძლებლობებზე. თავად მასკი Twitter-ით დაინტერესების მიზეზად სიტყვის თავისუფლების პრინციპის მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, სოციალური ქსელი „დე ფაქტო სახალხო მოედნად იქცა, სადაც კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხები განიხილება“, რის გამოც პლატფორმაზე გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და კონტენტის მოდერაციის პრაქტიკის ცვლილებას აუცილებელ რეფორმად მიიჩნევს. ჯერ კიდევ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე მასკი აცხადებდა, რომ სურდა, მისი ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი პლატფორმაზე დარჩენილიყვნენ.
აღნიშნულ განცხადებებს Twitter-ში დონალდ ტრამპის ანგარიშის „განბლოკვასთან“ დაკავშირებით სპეკულაციური კომენტარებიც მოჰყვა, თუმცა, თავად მასკს ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter შეიძინა, ტრამპის მიერ შექმნილი სოციალური ქსელის – Truth Social-ის აქციებზე ფასები 13%-ით დაეცა. ტრამპმა ალტერნატიული სოციალურ ქსელი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ Twitter-იდან გაძევების შემდეგ შექმნა. მან რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ Twitter-ზე დაბრუნებას არ აპირებს.
მასკი Twitter-ში სხვა ცვლილებებსაც აანონსებს. მილიარდერის თქმით, იგი პლატფორმის ალგორითმის გასაჯაროებას გეგმავს, რათა სოციალური ქსელის ოპერირების პრინციპები უფრო გამჭვირვალე და რეკომენდაციებისთვის ღია გახდეს. გარდა ამისა, მასკი პლატფორმაზე პოსტის დასაშვები მოცულობის გაზრდას, სპამური შეტყობინების გამავრცელებელი ბოტებისა და ყალბი ანგარიშების გაუქმებასა და პოსტის შესწორების ფუნქციის დამატებას აპირებს. მასკი ასევე აცხადებს, რომ სურს, კომპანია პლატფორმაზე განთავსებული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული, თუმცა, ექსპერტები ამ გეგმის რეალისტურობას სკეპტიკურად უყურებენ. წინააღმდეგობრივი შეფასებების ფონზე, მასკმა TED-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Twitter-ის შეძენა ეკონომიკური ინტერესის გამო არ გადაუწყვეტია, არამედ მას სანდო, გამჭვირვალე, მაქსიმალურად ინკლუზიური და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი პლატფორმის შექმნა სურს.