მთავარია ცოდნა, სურვილი და მონდომება – საქართველოს ბანკი ახალგაზრდა ლიდერებს კარიერაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად კვლავ უჭერს მხარს. სტუდენტურ პროგრამა ლიდერატორზე მეექვსე ნაკადის მიღება უკვე დაიწყო. განაცხადი ამბიციურია – ქვეყნის წამყვანი ბანკი 100 საუკეთესო სტუდენტის დასაქმებას ისახავს მიზნად.
წელს პროექტს სამი ახალი პროგრამა დაემატა და ახლა ბანკი III-IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს 15 განსხვავებულ პროგრამას სთავაზობს, რომელშიც ბანკის 45 დეპარტამენტია ჩართული.
დაინახე ბანკი 360°-ით
ლიდერატორი შანსია, არა მხოლოდ გაეცნო, როგორ მუშაობს ბანკი, არამედ თავად გახდე პროცესების მთელი ჯაჭვის მონაწილე. ძალების სხვადასხვა პოზიციაზე მოსინჯვა კი, პროექტის მონაწილეებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ შეცნობაში ეხმარება.
„ლიდერატორი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, 1 წლის განმავლობაში, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პოზიციაზე დასაქმდნენ. ეს კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბანკის ფუნქციონირების 360°-ით დანახვასა და კონკრეტული მიმართულებებისა და პროფესიის შესახებ სრულყოფილი ხედვის ჩამოყალიბებას. ლიდერატორი სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა, იპოვონ მათ ინტერესებზე მორგებული პროგრამა და სფეროს პროფესიონალების დახმარებით, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაქმნან. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე“, – ამბობს საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.
ლიდერატორში ჩართული სტუდენტებისთვის პროგრამა სამუშაო საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და პროფესიონალი მენეჯერების ინდივიდუალურ მენტორინგს მოიცავს.
ყოველდღიურად განვითარებისა და სიახლის შესწავლის შესაძლებლობა გახდა პროგრამაში ჩართვისთვის ნანო კოროშინაძის მთავარი მოტივატორი. ნანო თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლება. პარალელურად, ლიდერატორის პროგრამით პრაქტიკულ ცოდნას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით იღრმავებს.
„კარიერული სტარტი საქართველოში ერთ–ერთ უძლიერეს ფინანსურ ინსტიტუტში ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემთვის და დიდი პასუხისმგებლობაც. ახლა, ერთი წლის თავზე, შემიძლია ვთქვა, რომ ინტერესების აღმოჩენისა და საკუთარი თავის განვითარების საშუალება მომეცა. პირველივე დღიდან ჩემი მიზანი იყო მაქსიმალური გამოცდილების მიღება. პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, დააკვირდე, როგორ მუშაობს ბანკის ყველა რგოლი და სიღრმისეულად აღიქვა სრული სურათი. ვეცნობით კომპანიებს, ვმონაწილეობთ მონაცემთა დამუშავების პროცესში და ვსწავლობთ კლიენტებთან ურთიერთობის ხელოვნებას. ეს არის მრავალმხრივი გამოცდილებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საუკეთესო შესაძლებლობა“, – ამბობს Business Feed-თან ლიდერატორის მონაწილე ნანო კოროშინაძე.
ლიდერატორი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში მეხუთე ნაკადის კიდევ ერთ მონაწილეს, მარიამ მამფორიას, დაეხმარა, რომელსაც კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით სურდა, თუმცა, მიიღო შეთავაზება, ძალები მოესინჯა ბიზნესის ანალიტიკის პროგრამაზე კორპორაციული და სოლო ბიზნესისა და ადამიანური კაპიტალის ანალიტიკის მიმართულებებით. მარიამი შეთავაზებას დათანხმდა და ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი ინტერესები გამოცადონ სხვადასხვა დეპარტამენტში ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ. რეალურ სამუშაო გარემოში ნახონ, სად უკეთ შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და ამის მიხედვით გააკეთონ არჩევანი. პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, იყო გულწრფელი და თითოეულ როტაციაზე მაქსიმალურად წარმოაჩინო შესაძლებლობები. ჩემს მაგალითზე რომ ვისაუბროთ, კორპორაციული ფინანსების კუთხით ვფიქრობდი კარიერის დაწყებას, მაგრამ მივიღე შემოთავაზება, სხვა პროგრამაზე გამომეცადა თავი. არის შემთხვევები, როდესაც სწორედ პრაქტიკული მუშაობისას ხდება საკუთარი ძლიერი მხარეების გამოვლენა და ახალი ინტერესების აღმოჩენა“, – ამბობს მარიამ მამფორია.
მარიამი ახლა მეოთხე კურსის სტუდენტია და უნივერსიტეტის დასრულებამდე კიდევ ნახევარი წელი რჩება. სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული პროგრამა მას, სხვა მონაწილეების მსგავსად, შესაძლებლობას აძლევს, ლექცია-სემინარებს შეუფერხებლად დაესწროს, მიიღოს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, ჰქონდეს ანაზღაურება და, ამავდროულად, ჰყავდეს პროფესიონალი მენტორი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მის განვითარებაზე. ლიდერატორი ახალ ტალანტებს ელის. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 6 თებერვლამდე გაგრძელდება.
პროგრამის წარმატება წლებმა გამოცადა – ლიდერატორი ბანკში 2017 წლიდან ხორციელდება. სტაჟირება 193-მა საუკეთესო სტუდენტმა გაიარა და მათგან 95%-მა კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა.