საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 58.6%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა. მან ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი დაამარცხა და ის ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.
საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ცენტრისტი ემანუელ მაკრონი სასურველი პრეზიდენტი არ არის, თუმცა, მათი უმთავრესი ამოცანა იყო, არ დაეშვათ ქვეყნის მართვის სადავეების გადაცემა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსისთვის. შესაბამისად, მოქალაქეთა ნაწილმა განაცხადა, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთეს, მილიონობით ადამიანმა კი პროტესტის ნიშნად უარი თქვა ხმის მიცემაზე.
2017 წელს ემანუელ მაკრონი ნაპოლეონის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა საფრანგეთის ისტორიაში. ქვეყნის სათავეში „სრულფასოვანი ცვლილებების“ დაპირებით მისულს გაუთვალისწინებელი პრობლემა შეხვდა და როგორც განაცხადა, ბევრი გეგმის განხორციელებაში საპროტესტო აქციებმა და კოვიდპანდემიამ შეუშალა ხელი. მიუხედავად ამისა, მაკრონმა შეასრულა ერთ-ერთი მთავარი დაპირება და გაატარა შრომითი რეფორმა. 2021 წლის ბოლოს უმუშევრობის მაჩვენებელი საფრანგეთში 7.4%-ს შეადგენდა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. ამავე წელს ქვეყანაში დარეგისტრირდა რეკორდული რაოდენობის – თითქმის ერთი მილიონი ახალი ბიზნესი. მაკრონმა ასევე, დაპირებისამებრ, 33%-იდან 25%-მდე შეამცირა კორპორაციული გადასახადი, რამაც საფრანგეთი უფრო მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად აქცია. შემცირდა წარმოების გადასახადიც, რითაც ფრანგული პროდუქტი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.
რა თქმა უნდა, მაკრონს ყველა დაპირება არ შეუსრულებია. მაგალითად, მან გადაწყვიტა, თავი აერიდებინა ინსტიტუციური რეფორმისთვის, რომლის ფარგლებშიც საჯარო სექტორიდან მინიმუმ 120 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავდა. ასევე, „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის პროტესტის გამო იძულებული გახდა, შეეჩერებინა საპენსიო რეფორმა, რაც მისი კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაპირებას წარმოადგენდა.
მეორე ტურის წინ მაკრონი მთავარ აქცენტს ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე აკეთებდა, ლე პენი კი ძირითადად ემიგრაციასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობდა. მოქმედი პრეზიდენტი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი პირადად იქნება პასუხისმგებელი კლიმატურ პრობლემებზე; მხარს დაუჭერს ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც 2050 წლისთვის სათბური გაზების ემისიებს 0-მდე შეამცირებს და იზრუნებს ექვსი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. რაც შეეხება ეკონომიკას, ამ მხრივ, მაკრონის მთავარი დაპირებაა პენსიების 1 100 ევრომდე გაზრდა, ხოლო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი 8 მილიონი ადამიანისთვის საკვები ვაუჩერების გადაცემა. რადგან მარინ ლე პენის კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ემიგრაცია იყო, მაკრონსაც ხშირად უწევდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ის საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ქვეყნიდან გააძევებს ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება და მათ, ვინც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს.

რაც შეეხება მარინ ლე პენს, კამპანიის პერიოდში ის მუდმივად საუბრობდა, რომ გეგმავდა ახალი საემიგრაციო კანონის მიღებას და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. მისი აზრით, უნდა გამკაცრებულიყო კონტროლი ქვეყანაში შემოსულ უცხოელებზე, დაწესებულიყო მეტი შეზღუდვა და გაუქმებოდათ ცხოვრების უფლება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ერთი წელია არ უმუშავიათ. აუცილებლად მიიჩნევდა, რომ დეპორტი შეხებოდათ სერიოზულ კრიმინალურ დანაშაულებში მხილებულებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთანავე, ლე პენი ამომრჩევლებს დაჰპირდა რეფერენდუმის ჩატარებას დასაქმებისა და განსახლების საკითხებზე; მან ბევრი ისაუბრა 30 წლამდე ადამიანებისთვის შემოსავლის გადასახადის გაუქმებაზე, ქარის ენერგოტურბინების გაუქმებასა და ელექტროენერგიის დამატებითი ღირებულების გადასახადის 20%-იდან 5.5%-მდე შემცირებაზე. ასევე, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ის, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი NATO-ს სამხედრო სამეთაურო სტრუქტურას დატოვებდა.
ლე პენის განცხადებების ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ მაკრონის გამარჯვება სასიხარულო იყო დასავლელი ლიდერებისთვის.
„შეგვიძლია საფრანგეთის იმედი გვქონდეს კიდევ 5 წელი“, – დაწერა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ემანუელ მაკრონს გამარჯვება მიულოცა.
მაკრონის კამპანიის პერიოდს დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა. ის ამ ფაქტის თავის სასარგებლოდ გამოყენებასა და გლობალურ ლიდერად პოზიციონირებას ცდილობდა. მიმდინარე მოვლენების ფონზე მაკრონმა არაერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, რომლებიც რუსული აგრესიის სამიზნეს წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, ის ბევრჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი რუსეთთან მიმართებაში მისი ლმობიერი პოლიტიკის გამო. მაგალითად, ის არ დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და განაცხადა, რომ ის არ გამოიყენებდა სიტყვა „გენოციდს“ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების აღსაწერად. მისი აზრით, ასეთი შეფასება არა პოლიტიკოსებმა, არამედ იურისტებმა უნდა გააკეთონ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის ესკალაცია.
მაკრონი კრიტიკის ობიექტია პუტინთან მისი ხშირი საუბრების გამოც. France 24-ის ინფორმაციით, არცერთ ლიდერს არ უსაუბრია უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინთან იმდენი, რამდენიც ემანუელ მაკრონს. 6-საათიანი პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოსკოვში მათ შორის მინიმუმ 10 სატელეფონო საუბარი შედგა – ზოგი მაკრონის, ზოგიც პუტინის ინიციატივით. საზოგადოების ნაწილმა მისი საქციელი სისუსტედ შეაფასა, ნაწილი კი ამბობდა, რომ მისი სიფრთხილე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებით იყო განპირობებული და გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლებოდა. უახლოეს მომავალში ვიხილავთ, რამდენად გამკაცრდება ის რუსეთთან მიმართებაში.