საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესის მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ.
ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა…
კარკასული ხის სახლებისა და კოტეჯების სამშენებლო კომპანია Kohi.ge–ის დამფუძნებელი ირაკლი ლომიძე ერთ–ერთი მათგანია, ვინც პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიარა.
რა ბენეფიტები მოუტანა ტრენინგმა კომპანიას, ამის შესახებ Business Feed ირაკლი ლომიძეს ესაუბრა:
„კომპანიამ განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა, მათ შორის იყო სირთულეებიც, რაც ძირითადად, საქართველოში პერსონალის დაბალი კვალიფიკაციითაა განპირობებული. თუმცა, ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდა და ახალი მენეჯმენტით, ახალი გუნდით 2022 წლიდან აქტიურად ვავითარებთ საწარმოო პროცესს და ბევრად ამბიციურ გეგმებს ვისახავთ“.
როგორც ირაკლი ამბობს, ტრენინგების გავლის შემდეგ, კომპანიას უკვე აქვს განვითარების ახალი გეგმა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს:
„საინტერესო იყო მენეჯმენტის გადამზადებისა და ტრენინგების ნაწილი, კონსულტაციები ფინანსების აღრიცხვის, ექსპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის საკითხებში.
თანამშრომლობის შედეგად კომპანიას უკვე აქვს განვითარების ერთგვარი რუკა, გამართული ბიზნესგეგმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ.
მალე ქართული წარმოების ხის პროდუქცია ევროპაში გამოჩნდება წარწერით დამზადებულია საქართველოში.“
Kohi.ge–ის დამფუძნებელი მომხმარებელს გარკვეულ სიურპრიზებსაც ჰპირდება:
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საამქროს ტექნიკური გადაიარაღება და გაზაფხულიდან განახლებულ და გაუმჯობესებულ პროდუქციას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. იქნება სასიამოვნო სიახლეები, რაზეც საუბარი ჯერჯერობით ადრეა“.
რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი Kohi.ge-ზე?
„ეს არის ჩვენი სტანდარტი, რომელიც ყველასგან გამოგვარჩევს. ზოგადად, ჩვენი მთავარი გამოწვევა ხის სახლების მშენებლობის ინდუსტრიის განვითარებაა. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტანდარტები, რის მიხედვითაც შეფასდება ხის სახლების კონსტრუქციის გამძლეობა და ხარისხი. ამიტომ, ჩვენი კომპანია ავითარებს საკუთარ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კანადური ხის სახლების მშენებლობის სტანდარტების მიხედვით იქნება შემუშავებული.
ჩვენი აშენებული სახლები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ბაზრებისთვისაც იქნება შესაფერისი, რის მიღწევასაც 2022 წლიდან ვაპირებთ.
შესაბამისად, არჩევანი მარტივია – ვირჩევთ Kohi.ge–ის, ვირჩევთ ევროპულ ხარისხს“, – ამბობს ირაკლი ლომიძე.