ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, რაც ოპოზიციის საპროტესტო აქციებითა და პარლამენტის ბოიკოტით გამოიხატება. პოლიტიკურ კრიზისს ემატება ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება, რაც ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. ლარი ისევ უფასურდება. მოსალოდნელი შეზღუდვები ბიზნესს შემოსავლებს დააკარგვინებს, რაც თანამშრომლების შემცირებას ნიშნავს და ეს იმ დროს ხდება, როცა ქვეყანას უმუშევრობის მუდმივად მზრდი მაჩვენებლი აქვს.
კრიზისიდან გამოსავალი ჯერ არ ჩანს – ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნების შედეგებს არ გააუქმებს, უკან დახევას არც ოპოზიცია აპირებს. „პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია“, – ასეთია ოპოზიციური პარტიების ერთიანი პოზიცია, რაც ვერც საერთაშორისო ფასილიტატორებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა შეცვალა. ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს კომპრომისისა და პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე კვლავაც უარს ამბობს.
31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომლის გაყალბებაშიც ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშაულა, თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მწვავდება ეკონომიკური კრიზისიც. ლარის კურსის „დაჭერას“ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებით ცდილობს, თუმცა, უარყოფითი მოლოდინების ფონზე, ეროვნული ვალუტა მაინც უფასურდება. იმის გამო, რომ გადატვირთული კლინიკები ინფიცირებულ პაციენტებს ვერ იღებენ, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს უახლოვდება. ბიზნესი შიშით ელოდება მორიგი ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადებას, შემოსავლების კლებაზე ჩივის და საბანკო კრედიტების გადავადებას ითხოვს.
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობა მომდევნო წლებში სავალუტო ფონდისგან იმაზე მეტ ვალს აიღებს, ვიდრე ეს აქამდე იყო დაგეგმილი და შედეგად, სახელმწიფო ვალი კანონით განსაზღვრულ მშპ-ის 60%-იან ნიშნულს გადააჭარბებს. ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანაში იზრდება უმუშევრობაც. 2020 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში მილიონ 628 ათასი პირია დასაქმებული, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 62,5 ათასით ნაკლებია.
შემცირებული იმპორტი (16,6%-ით შემცირდა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) კი აჩვენებს, რომ დაეცა მოსახლეობის მყიდველუნარიანობა; შემცირებული ექსპორტი (2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 11,1 %-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით) კი ქვეყნისთვის სავალუტო შემოსავლების დაკლებას ნიშნავს.
„საგარეო ვალი რომ მშპ–ის 60%-მდე ავიდა, ეს ამ მთავრობის დანაშაულია. აიღეს ვალი და დახარჯეს, შეჭამეს. პარლამენტში ჩვენი შესვლით არაფერი შეიცვლება, როცა გვაქვს ერთი კაცის მმართველობა, რომელსაც არ ადარდებს, რამდენი შემოსავალი ექნება ქვეყნის ერთ მოქალაქეს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე გამოჩნდება ქვეყნის გადარჩენის შანსი. ასეთ ქვეყანაში არც ინვესტიცია იდება, არც ეკონომიკა ვითარდება და თუ ეს არ შეიცვალა, დავრჩებით ამ ჭაობში და წავალთ უკან“, – ამბობს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
„ქვეყნის ბიუჯეტი ნახევრად ვალებით არის შევსებული. ქვეყანა რეალურად უცხოური კრედიტებითა და დახმარებებით არსებობს. ბიზნესაქტივობა შემცირებულია. რა დროს ჩამოინგრევა ეკონომიკა, არავინ იცის. ჯანდაცვის სისტემა არის ჩამოშლილი. ადამიანები მკურნალობის გარეშე რჩებიან და აღარც გეგმიური ოპერაციები ტარდება. ამას ემატება პოლიტიკური კრიზისი. ქვეყნის სათავეში არის ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს საზოგადოების ნდობა, არ აქვს ფული, კომპეტენცია, რომ დაძლიოს ეს კრიზისი. ასეთი ხელისუფლება ვერასდროს გაატარებს საჭირო რეფორმებს. პარლამენტში ერთი პარტიის ყოფნა კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს. ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და ისეთი ხელისუფლების ფორმირება, რომელსაც ექნება ამომრჩევლის ნდობა“, – მიიჩნევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.
ეკონომისტები მდგომარეობის გაუარესებას ელოდებიან. საქართველოს ეკონომიკური კლიმატი საინვესტიციო კომპანია PMCG-მ 50 ეკონომისტს შეაფასებინა. მათი პროგნოზით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდა -2,7% იქნება. ისინი ექსპორტის და იმპორტის კიდევ შემცირებას ვარაუდობენ. ეკონომისტები ყველაზე მაღალ რისკებს სასტუმროებისა და კვების ობიექტებისთვის, ხოლო ყველაზე დაბალ რისკებს სადაზღვევო და საფინანსო სფეროებისთვის ხედავენ.