საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ქონება იყიდება, მაგრამ დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. რა ღირებულების აქტივს ფლობს სახელმწიფო, ამის შესახებ ზუსტი მონაცემი არ არსებობს. მიზეზად ეკონომისტები პრივატიზაციის პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობას ასახელებენ. მიახლოებითი მონაცემებით, ამჟამად, სახელმწიფო მთლიანი ქონების 60%-ზე მეტს ფლობს. მათ შორის არის აქტივი, რომლის კერძო საკუთრებაში გადაცემა ქვეყანას სარგებელს მოუტანდა. თუმცა, ის ან უმოქმედოდ არის დატოვებული, ან მიზერული შემოსავალი მოაქვს.
„აქტივების დიდი ნაწილი ისევ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების განკარგულებაშია. ეს ნიშნავს, რომ ეს ქონება არ მონაწილეობს ეკონომიკაში – ანუ დოვლათის შექმნაში. ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები აქტივი გადადის სახელმწიფოდან კერძო საკუთრებაში. ამის მიზეზი არის ის, რომ მთავრობისთვის ეს აქტივი საკუთარი ძალაუფლების გარანტს წარმოადგენს. ამ ობიექტების გაყიდვით მთავრობას შეუძლია სხვადასხვა კერძო პირის ან კომპანიისგან ლოიალურობა მოიპოვოს, ან საარჩევნო პერიოდში ელექტორალური მიზნებისთვის იყენებს“, – ამბობს ეგნატე შამუგია, კვლევითი ინსტიტუტის – Gnomon Wise-ის მკვლევარი.
განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო ქონების წილი კერძოზე ბევრად მცირეა. თანაფარდობა ყველგან განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმისა და სახის სახელმწიფოებრივი წყობა არსებობდა ამ ქვეყნებში სხვადასხვა დროს. ცნობილია, რომ ეკონომიკურ წარმატებას სწორედ იმ ქვეყნებმა მიაღწიეს, სადაც სახელმწიფო ქონება სწრაფად გადავიდა კერძო საკუთრებაში. Gnomon Wise-ის მკვლევრები მიუთითებენ, რომ ქვეყნებს, რომლებიც მუდმივად ზრდიან კერძო საკუთრების წილს ეკონომიკაში, 0.8-1.5%-ით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვთ. რესურსების გამოყენების შედეგად მიღებული მოგება კი 45%-ით იზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში გადასვლა პოტენციურად ზრდის კომპანიების ღირებულებას. ზრდის მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში, საშუალოდ, 15.2%-ს შეადგენს.
მაგალითად, ჩეხეთში, პოლონეთსა და უნგრეთში, პრივატიზებული კომპანიების მომგებიანობა რამდენიმე წელიწადში, საშუალოდ, 77%-ით გაიზარდა. კანადაში აქტიური პრივატიზაციის პერიოდში (1970-2000 წლებში) მილიარდობით დოლარის ღირებულების კომპანიები გაიყიდა: თვითმფრინავებისა და იარაღის მწარმოებელი კომპანიები, ელექტროსადგურები, მათ შორის ატომური ელექტროსადგური, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ნავთობის, გაზის, ურანის მომპოვებლები. აშშ-სა და ევროპაში კერძო კომპანიები ეფექტიანად ახორციელებენ მუნიციპალურ სერვისებს (ნაგვის გატანა, ქალაქის დასუფთავება და ა.შ.).

აშშ-ში რკინიგზაში 700-ზე მეტი კერძო კომპანია მუშაობს. იაპონიაში რკინიგზის პრივატიზაცია მხოლოდ 1987 წელს დაიწყო, როცა სახელმწიფო კომპანია არაეფექტიანი გახდა. ბევრ ქვეყანაში რკინიგზა დღემდე სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. საქართველოში კი რკინიგზის პრივატიზაცია რუსული კომპანიის საკუთრებაში აღმოჩენის რისკს ქმნის.
ბოლო პერიოდში საქართველოში ძირითად საპრივატიზაციო აქტივს მიწა წარმოადგენს. საქართველოს მიწის საერთო ფონდი 7628.4 ათასი ჰექტარია, რომლის დაახლოებით 40% სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. სხვადასხვა გათვლით, მთლიანი მიწის რესურსის 60%-ზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაშია. მიწების დიდი ნაწილი დაურეგისტრირებელია, რაც ეკონომიკაში მათ მონაწილეობას აფერხებს.
„სოფლად წლების განმავლობაში სარგებლობენ მიწით, საძოვრებით ისე, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ. თუ სახელმწიფო ასეთ მიწას კერძო საკუთრებაში დაარეგისტრირებს, ნაკვეთების ფასი გაიზრდება. მის მფლობელს ინვესტორის მოძიება და მიწის უფრო მომგებიანად გამოყენება შეეძლება. სანამ ეს მიწა ფიქსირდება, როგორც სახელმწიფო საკუთრება, არავინ ჩადებს იქ ინვესტიციას. შესაბამისად, ქვეყანა მილიონებს კარგავს. სამართლიანი იქნება სახელმწიფო ქონების უპირობო პრივატიზაცია, ანუ, თუ ნებისმიერ მოქალაქეს ამ ქონების ყიდვის თანაბარი უფლება მიეცემა. მაგრამ ეს მთავრობას არ უნდა. ჩვენ ხშირად პოსტფაქტუმ ვიგებთ სახელმწიფო ქონების მყიდველის ვინაობას და ისინი უმეტესად მთავრობის წევრები ან მათთან დაახლოებული პირები არიან. მთავრობის მიზანი ამ აქტივების პრივატიზაცია კი არა, არამედ კონკრეტული პირებისთვის გადაცემაა“, – აღნიშნავს ეგნატე შამუგია.
საქართველოში ტყის ფონდს ქვეყნის მთლიანი ფართის დაახლოებით 43% უკავია. საქართველოს კანონმდებლობით, ტყის პრივატიზაცია აკრძალულია. აქ ბევრისთვის რთულად წარმოსადგენია ტყეების ან მდინარეების კერძო საკუთრებაში გადაცემა მაშინ, როცა აშშ-სა თუ ევროპაში ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. მსოფლიოში კერძო საკუთრებაში არსებული ტყის ფართი ყოველწლიურად იზრდება. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა. ხოლო განვითარებად ქვეყნებში ტყის 90-95% სახელმწიფო საკუთრებაშია.
ეკონომისტების აზრით, როცა ტყე კერძო საკუთრებაშია, მის მფლობელს აქვს სტიმული, ტყის გაჩეხვასთან ერთად, ახალი ხეებიც გააშენოს, რათა ტყე მოგების წყაროდ გარდაქმნას. ამიტომ არის, რომ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ტყის საფარი მუდმივად იზრდება.
პრივატიზაციის დაჩქარების მიზნით, მთავრობამ 2019 წლის ბოლოს დაიწყო პროექტი – 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს და განსაკუთრებული აქცენტი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გაყიდვაზე გააკეთა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ნათია თურნავას თქმით, ბიუჯეტში 2020 წელს პრივატიზაციიდან 130 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, ხოლო წელს უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ.