სილამაზის ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ნაწილია და ის, დღესდღეობით, $532 მილიარდადაა შეფასებული. მაშინ, როდესაც ცნობილი ბრენდები ერთმანეთს მარკეტინგული ხრიკებით ეჯიბრებიან მომხმარებლების მოზიდვაში, რთულია გაიგო, რომელი პროდუქტია რეალურად საუკეთესო და რომელი – არა. საბედნიეროდ, ეს პრობლემა ქართველი ქალბატონებისთვის ფეისბუქის ჯგუფმა – Beauty Lab-მა გადაჭრა. ეს არის სივრცე, სადაც 100 000-ზე მეტი ქალი ერთმანეთს სილამაზესთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციასა და რჩევებს უზიარებს. ჯგუფი 2017 წელს შეიქმნა და დღეს უკვე სტარტაპად იქცა – აპლიკაცია, სახელწოდებით Beauty Lab, უკვე ხელმისაწვდომია და მსურველებს სილამაზის სალონში სასურველი პროცედურის ონლაინდაჯავშნისა და ფასდაკლებების სერვისით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
როგორ უნდა აქციოთ იდეა ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ ის, რისი კეთებაც მოგწონთ და გამოგდით? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად Business Feed წარმოგიდგენთ Beauty Lab-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის – ქეთა ბაღაშვილის წარმატების ისტორიას.
ადამიანის ძირითადი თვისებები ბავშვობაში ყალიბდება და ქეთას შემთხვევაშიც ასე მოხდა – მას ადრეული ასაკიდან ამბიციურად მოიხსენიებდნენ და მისთვის ეს კომპლიმენტი იყო. ბავშვობაში ჟურნალისტობა უნდოდა და, უნივერსიტეტში ჩაბარებისას, ფაკულტეტის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, სწავლის პროცესში აღმოაჩინა, რომ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევის შესახებ ნაადრევად მიიღო:
„სწავლის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ზედმეტად ადრეულ ასაკში მიმიღია გადაწყვეტილება – 4 წელი დამეთმო ისეთი სფეროსთვის, რომელიც თურმე ისე ძალიანაც არ მაინტერესებდა. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა Beauty Lab, თუ მე გამოვჩნდი მის ცხოვრებაში – ეს ჯერ ვერ გადავწყვიტე, და ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი მიზნები და წარმოდგენები ჩემს მომავალზე, თავიდან ბოლომდე ამოტრიალდა“
Beauty Lab-მა გრძელი და საკმაოდ რთული გზა გაიარა – მარტივი არ ყოფილა, ათიათასობით ქალის საერთო იდეის ქვეშ გაერთიანება და ხარისხის შენარჩუნება:
„რაღაც ეტაპზე მივხვდი, თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა წარმატებული საქმის უპირობო ნაწილია და აუცილებლად უნდა მომეფიქრებინა რამე ახალი, რაშიც ამდენი წლის შრომის ტრანსფორმირებას მოვახდენდი.“
ასე გაჩნდა აპლიკაციის იდეა, რომლის დახმარებითაც, ერთი მხრივ, მომხმარებელი სილამაზის სალონში სასურველ პროცედურას ონლაინ ჯავშნის, სარგებლობს ფასდაკლებებით და ტოვებს შეფასებებს, მეორე მხრივ კი, სალონებს აქვთ ე.წ. მართვის პანელი, რომლის საშუალებითაც მათ აქამდე ყველა ხელით მართული პროცესის გაციფრულება შეუძლიათ.
„აპლიკაციაზე ფიქრის პერიოდში, აღმოვაჩინე, რომ საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ჰქონდა თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა, რომელიც სტარტაპებს 100 000 ლარის ოდენობის თანხით აფინანსებდა. ზაფხულში, როდესაც კონკურსი გამოცხადდა, შევავსე აპლიკაციის ფორმა, გადავედი მეორე ტურში, სადაც შერჩეულ 40 სტარტაპს უცხოელმა მენტორებმა ჩაგვიტარეს ერთკვირიანი ინტენსიური მოსამზადებელი კურსი – მოგვამზადეს კონკურსის ფინალური ეტაპისთვის – გვასწავლეს, თუ როგორ უნდა წარგვედგინა ჩვენი იდეა Silicon Valley–დან ჩამოსული ინვესტორებისათვის. მათი რჩევებით მაქსიმალურად დავხვეწეთ პრეზენტაციები და ისეთ ადამიანებს წარვუდგინეთ, როგორებიც არიან Garage Technology Ventures-ის თანადამფუძნებელი – ბილ რაიჰართი და გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, ჯონათან თაუერი. ინვესტორებმა 20 გამარჯვებული სტარტაპი აარჩიეს, რომელშიც Beauty Lab-იც მოხვდა.“
ეს წარმატება ერთადერთი არ ყოფილა. სულ ახლახანს, აპლიკაცია საერთაშორისო ვიდეოფიჩების კონკურსის – Big Idea Challenge-ს ციფრული ტექნოლოგიის კატეგორიის გამარჯვებული გახდა.
„სტარტაპერის ცხოვრება ყოველდღიურად გამოწვევებითაა სავსე. ერთ პრობლემას გადაჭრი თუ არა, მეორე ჩნდება. ჩვენს შემთხვევაში, Apple-თან მოლაპარაკებები გაგვიჭირდა და პროცესი, იქაური ბიუროკრატიიდან გამომდინარე, ძალიან გაიწელა. თუმცა, ყველა წინაღობაში ახალი შესაძლებლობა იმალება – გულწრფელად ვთვლი, რომ წინ წარმატების ბევრად მაღალი მწვერვალებია, თუმცა, არსებულის მიღწევაში მარტივი ფორმულა დამეხმარა – ბევრი შრომა, საქმის სიყვარული და დასახული მიზნები, რომლისკენ მიმავალ გზაზეც არ ვიღლები“.
ქეთა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი სამომავლო გეგმები აპლიკაციის საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებასა და მომხმარებლებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას მოიცავს; განვითარების შემდგომ კი პროდუქტის მეზობელ ქვეყნებში გატანაც სურს.
მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის ანალოგები საზღვარგარეთ უკვე არსებობს, საქართველოსთვის ეს სიახლეა. შეიძლება ითქვას, რომ Beauty Lab App ორივე მხარისთვის – მომხმარებლებისთვისაც და სილამაზის სალონის წარმომადგენლებისთვისაც – მომგებიანია, რადგან სერვისი ამარტივებს ყოველდღიურობას, გვაზოგინებს დროს, ენერგიასა და რაც მთავარია – თანხას.