რა არის ომიკრონი?
ომიკრონი COVID-19-ის ახალი შტამია, რომელიც პირველად ნოემბერში, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს. მის შესახებ მეცნიერებმა ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იციან, მაგრამ უკვე ცხადია, რომ ომიკრონი აქამდე არსებულ შტამებზე უფრო სწრაფად ვრცელდება. როგორც ამ დროისათვის ცნობილია, ომიკრონი 50-ზე მეტი მუტაციისაგან შედგება და ის 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული.
რამდენად სწრაფად ვრცელდება ომიკრონი?
ომიკრონი დელტა შტამზე 2-3-ჯერ სწრაფად ვრცელდება. ეს თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაგალითზე დადასტურდა. თუმცა, სხვა ქვეყნებშიც, სადაც ჯანდაცვის სისტემა შედარებით მომზადებული შეხვდა ახალ შტამს, შედეგი იგივე იყო. ომიკრონით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ყოველ 2-4 დღეში ორმაგდება. მეტი სიზუსტისთვის, ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს 121 ინფიცირებული ადამიანის ოჯახი. როგორც დადგინდა, დელტა შტამთან შედარებით, 2.3-ჯერ მეტი შანსი არსებობს, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა ვირუსი ოჯახის წევრებს გადასდოს. თუმცა, მკვლევრებმა ჯერ არ იციან, რა იწვევს ომიკრონის ასეთ სწრაფ გამრავლებას. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მას სწრაფად შეუძლია უჯრედში შეჭრა. მეორე არსებული ვერსიის მიხედვით კი, ომიკრონი უჯრედში შეჭრის შემდეგ ახერხებს სწრაფად გამრავლებას.
გვიცავს თუ არა COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ომიკრონისგან?
სავარაუდოდ, COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი ორგანიზმს დაიცავს ვირუსის მიმდინარეობის მძიმე ფორმებისგან, თუმცა, შანსი მცირეა. მაგალითად, ომიკრონის გამოჩენამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის 70%-ს ჰქონდა გადატანილი ვირუსი. მიუხედავად ამისა, ახალი შტამი მაინც უსწრაფესად გავრცელდა და დაინფიცირდნენ კოვიდგადატანილებიც. იგივე მოხდა ბრიტანეთშიც, სადაც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ომიკრონით რეინფიცირების შანსი, სხვა შტამებთან შედარებით, 5-ჯერ მეტი იყო.
გვიცავენ თუ არა არსებული ვაქცინები ომიკრონისგან?
Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების 2 დოზა გარკვეულწილად ახერხებს ადამიანების დაცვას. თუმცა, ეფექტიანად დასაცავად მეცნიერები ბუსტერდოზით აცრის რეკომენდაციას გასცემენ. მაგალითად, ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც სისხლი აუღეს ორი დოზით ვაქცინირებულ ადამიანებს და სპეციალურ სინჯარაში მათი ანტისხეულები ხელოვნურად გაურიეს ომიკრონს. როგორც აღმოჩნდა, ექსპერიმენტში ჩართულმა ყველა ვაქცინამ, სხვა შტამებთან შედარებით, ომიკრონთან მიმართებაში ცუდად იმუშავა. ყველაზე ცუდი შედეგი AstraZeneca-სა და Johnson&Johnson-ის ვაქცინებს ჰქონდათ – მათ თითქმის არანაირი დაცვა არ გააჩნიათ ომიკრონის წინააღმდეგ. შედეგი განსხვავებული იყო ბუსტერდოზით აცრილების შემთხვევაში.
რამდენად ვერაგია ახალი შტამი?
ჯერჯერობით ითვლება, რომ ომიკრონი, სხვა შტამებთან შედარებით, სუსტი სიმპტომებით ხასიათდება და მსუბუქად მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა მის სწრაფად გავრცელებაშია. მისმა გამოჩენამ უსწრაფესად გაზარდა ინფიცირებულთა რიცხვი სხვადასხვა ქვეყანაში, რის შედეგადაც სამედიცინო სექტორს კვლავ ემუქრება კოლაფსის საფრთხე.