- აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევს მუშაობა.
კონფუცი
კონფუცამდეც და კონფუცის შემდეგ ეპოქაშიც ეს ფრაზა აქტუალობას არ კარგავს. აკეთოს ის, რაც უყვარს და თან მატერიალური კეთილდღეობა მიიღოს – დედამიწაზე მცხოვრები მილიონობით ადამიანის ოცნებაა. ჰობით ფულის გამომუშავება 21-ე საუკუნეში თითქოს უფრო მარტივია – ჩვენ გარშემო არაერთი ცნობილი ე.წ. „ფრილანსერი“, „ბლოგერი“ და „ტიკ–ტოკერია“, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტივობით სოლიდური შემოსავლის გენერირებას ახერხებენ. არის ჰობის ბიზნესად ქცევის არაერთი წარმატებული მაგალითიც. მოტივაცია იზრდება, თუ შემოსავალი იმ საქმეს მოაქვს, რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებს.
ბანკიდან სამკაულებამდე
ბრენდი TAMUSIA საკუთარი თავის ძიებისას ნაპოვნი საქმეა, რომელიც ჰობიდან ბიზნესად იქცა და წლების შემდეგაც საყვარელ საქმიანობად რჩება.
მძივებითა და ბისერებით აწყობილი ორიგინალური სამკაულები თამუსიას ცხოვრებაში 7 წლის წინ გამოჩნდა. მანამდე იყო კარიერის აწყობის მცდელობა ბანკში, შემდეგ – ერთ-ერთ ფინანსურ კომპანიაში, თუმცა, მალევე, ფინანსურ ანგარიშგებებს ღონისძიებების ორგანიზატორობა არჩია. მის მიერვე შექმნილმა ყელსაბამმა მეგობრების მოწონება დაიმსახურა და ნელ–ნელა, სამკაულების კეთება ბიზნესად იქცა.
„მივხვდი, რომ ჩემი ჰობი ცხოვრების მთავარ საქმედ უნდა მექცია. დღეს ბრენდ TAMUSIA–ს გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია. ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესსა და საყვარელ საქმიანობას შორის ზღვარი არ არსებობს – ერთი მთლიანობაა. თითოეული აქსესუარის დამზადების პროცესიც თერაპიის ყველაზე მაღალი საფეხურია. არის შემთხვევები, როდესაც მუშაობას იწყებ და რაღაც შეუძლებელი გგონია, მაგრამ საბოლოო შედეგი თან გამარჯვებაა, თან სწავლა. TAMUSIA მხოლოდ ბრენდი არ არის, ის ჩემი ზრდის, შემეცნებისა და განვითარების წყაროა“, – ამბობს Business Feed–თან ბრენდ TAMUSIA–ს დამფუძნებელი თამუსია ტაბატაძე.
საქმედ ქცეულმა ჰობიმ სიამოვნების მონეტიზაცია მოიტანა. ბიზნესი შემოსავლიანი გახდა. როდესაც ყოველი ახალი აქსესუარი მოწონებას იმსახურებდა, ბიზნესის დაწყების რისკიც გამართლებული იყო.
„ორმაგად სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ჩემი, როგორც თანამშრომლის წარმატება, ჩემი, როგორც ბიზნესის მფლობელის წარმატებას ნიშნავს“, – ამბობს თამუსია.

სად არის საზღვრები?
- სამსახური შენი ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს, ამიტომ კმაყოფილების მისაღწევად ერთადერთი გზა დიდებული საქმეების კეთებაა. დიდებული საქმის საკეთებლად კი საჭიროა, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.
სტივ ჯობსი
რა ხდება, როცა ჰობი ვალდებულებებით სავსე სამსახურად იქცევა? შესაძლოა მაშინ ეს საქმე სულაც არ იყოს ისეთივე მიმზიდველი, როგორც მანამდე, როცა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის „მუშაობდი“. მოაქვს კი ამ საქმეს საკმარისი შემოსავალი და რჩება კი დრო სხვა გატაცებებისთვის?
თამუსია ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა სამუშაო დროის სწორად გადანაწილებაა:
„საქმეს, რა თქმა უნდა, მატერიალური კეთილდღეობაც მოაქვს. მიყვარს ეს საქმე. მუშაობის პროცესში ვერც ვიაზრებ, რამხელა ძალა და ენერგია სჭირდება. ცხადია, ეს სამსახურია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ საკუთარი თავის უფროსი თავად ვარ. რაც ჰობი ბიზნესად იქცა, სამუშაო გრაფიკს ვერ ვაკონტროლებ, თითქოს სულ ვმუშაობ. რაც უფრო მეტია წარმატება, მით უფრო ნაკლებია თავისუფალი დრო. ამ ზღვარს ვერ ვაწესებ“.
ჰობის ბიზნესად ქცევას კიდევ ერთი გამოწვევა აქვს – რაც უფრო სრულყოფილ ნამუშევარს ქმნი, მით რთულია მისი გასხვისება. თუმცა როდესაც ხედავ, როგორ იწონებენ თავს შენი ნამუშევრებით, ამ სირთულის გადალახვაც შესაძლებელია.
თუკი აპირებთ, გატაცება საქმედ აქციოთ, ახალი გატაცების აღმოჩენაც მოგიწევთ. საქმიანობის, რომელიც მხოლოდ თქვენი იქნება და რომელსაც იმ დროს დაუთმობთ, რასაც უკვე სამსახურად ქცეული ჰობისგან გამოათავისუფლებთ.