საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Google €500 მილიონით დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, კომპანიამ რამდენიმე თვის წინ დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულა.
საქმე ეხება 2020 წლის აპრილში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ დირექტივას, რომელმაც ინტერნეტში განთავსებულ ნამუშევრებზე საავტორო უფლებები გაამკაცრა. კონკრეტულად, დირექტივა მედიაგამომცემლებს ინტერნეტპლატფორმებზე მათი მასალების გამოყენებისთვის ანაზღაურების მიღების საშუალებას აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ Google-მა მედიასაშუალებებს მათი ნამუშევრების საკუთარ პლატფორმაზე განთავსებისთვის თანხა უნდა გადაუხადოს.
ახალი ამბების გამოცემებმა, როგორებიცაა APIG, SEPM და AFP, Google მოლაპარაკებების არაკეთილსინდისიერად წარმოებაში დაადანაშაულეს, რამაც ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ კომპანიის დაჯარიმება გამოიწვია. ახლა Google-მა ორ თვეში უნდა წარადგინოს წინადადება, თუ როგორ ანაზღაურებას შესთავაზებს გამომცემლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ყოველდღიურად ჯარიმის სახით დამატებით €900 ათასამდე თანხის გადახდა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ეს Google-ისთვის პირველი მსხვილი ჯარიმა არ არის. ამერიკული კომპანია უკვე დიდი ხანია ევროკავშირის მასშტაბით პრობლემებს აწყდება. 2010 წლის შემდეგ ევროკავშირმა ის სამჯერ დააჯარიმა და მთლიანობაში თანხამ €8.2 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, საქართველოს საგარეო ვალი (2021 წლის მარტის მონაცემებით) €17.5 მილიარდია.
ერთ-ერთი, რასაც ყველაზე ხშირად ედავებიან Google-ს, კონკურენციის წესების დარღვევაა. მაგალითად, ამის გამო 2019 წლის მარტში ევროკავშირმა ის €1.49 მილიარდით დააჯარიმა. ევროკომისიის შეფასებით, Google-ის სარეკლამო პლატფორმა AdSense დომინანტურ საბაზრო მდგომარეობას კონკურენტების საწინააღმდეგოდ იყენებდა. კომისიის განცხადებით, Google საკუთარ კონტრაქტებში უთითებდა, რომ მის კლიენტებს სხვა პლატფორმების სარეკლამო მომსახურებით სარგებლობა არ შეეძლოთ.
როგორც ამ დროისათვის ცნობილია, Google საფრანგეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაკისრებულ €500-მილიონიან ჯარიმას არ გაასაჩივრებს. წარსულში, შედარებით დიდი მოცულობის ჯარიმების შემთხვევაში, მას სასამართლოსთვის მიუმართავს. თუმცა, ხშირად, Google-ისთვის ჯარიმის გადახდა ფინანსურად ნაკლებად დამაზარალებელია, ვიდრე წლების განმავლობაში სასამართლოში დავა.
2020 წელს კომპანიის წლიურმა ბრუნვამ $181.69 მილიარდი შეადგინა. შესაბამისად, მისთვის €500 მილიონი არცთუ ისე დიდი თანხაა.