„შეისწავლე X პროფესია სულ რაღაც 399 ლარად (401 ლარის ნაცვლად). იჩქარე, საახალწლო ფასდაკლებებია.“ – თუ მსგავსი მარკეტინგული ხრიკები არ გხიბლავთ და თან, რაღაც ახლის სწავლის წყურვილიც არ გასვენებთ, მგონი, ზუსტად იმ სტატიას კითხულობთ, რომელიც გჭირდებათ. დიდი შესავლის გარეშე, პირდაპირ მთავარი სათქმელით დავიწყებთ: საქართველოში 2 წლის წინ ძალიან საინტერესო პლატფორმას – Bitcamp-ს ჩაეყარა საფუძველი. ეს არის პროგრამირების შესწავლით დაინტერესებული ადამიანების ღია სივრცე, სადაც მსოფლიოში საუკეთესო სასწავლო მასალები სრულიად უფასოდაა განთავსებული. თუ ეს სფერო გაინტერესებთ, გამოცდილება და მინიმალური ცოდნაც არ არის საჭირო, მთავარია, ინგლისური იცოდეთ.
სანამ დეტალურად აგიხსნით პლატფორმის მუშაობის პრინციპს, მანამდე პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ. 2018 წელს დეველოპერმა ოთო ზაკალაშვილმა ეს პროგრამა თავის მეგობარს – ჰერმან საბოს ასწავლა. ექსპერიმენტმა გაამართლა და ოთარმა და ჰერმანმა ერთად გადაწყვიტეს Bitcamp-ის დაარსება. თავიდან 20-30 მოსწავლე ჰყავდათ, დღესდღეობით კი პლატფორმაზე 10 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ Bitcamp არც კურსია და არც ტრენინგი. ეს არის პლატფორმა, სადაც გლობალურად საუკეთესო სასწავლო რესურსებია გაერთიანებული და დალაგებული – საიტზე იხილავთ გეგმას, თუ რითი უნდა დაიწყოთ სწავლა და როგორ გააგრძელოთ.
„ყველაზე მოთხოვნად პროგრამულ ენას – Javascript-ს ვასწავლით. თუ გეგმას მიჰყვებით და დღის განმავლობაში 5-6 საათს გამოყოფთ, დაახლოებით 3-4 თვეში ისეთ ცოდნას შეიძენთ, რომ დამწყებ დეველოპერად შეძლებთ მუშაობას. ამ სფეროში პროფესიონალების დეფიციტი მთელ მსოფლიოშია და არა მარტო საქართველოში. ბაზარზე მოთხოვნა დიდია და ყოველდღიურად იზრდება. ანაზღაურებაც მაღალია – თუ 3-4 წლის წინ 1 000-3 000 ლარი ნორმალურ ხელფასად ითვლებოდა, ახლა 3 000-4 000 ლარია მინიმალური, ზედა ზღვარი კი თითქმის არ არსებობს, რადგან გამოცდილებაზეა დამოკიდებული“, – ამბობს ოთო ზაკალაშვილი.

მისი თქმით, თვეში ერთხელ Bitcamp-ზე დასაქმების რაუნდი აქვთ. მონაწილეები პორტფოლიოებსა და რეზიუმეებს ქმნიან. ამის შემდეგ, რეკომენდებული მოსწავლეების სიას ადგენენ და კომპანიებს უგზავნიან. ბოლო 5 თვეში 30-მდე ადამიანს დააწყებინეს მუშაობა, თანაც, ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Wandio, Singular, Ecolize, AzRy, Omedia და ა.შ. ტექნოლოგიური სამსახურებისთვის სპეციალური ჯგუფიც Tech Jobs Georgia შექმნეს, სადაც აქტიურად თავსდება ვაკანსიები. Bitcamp-ის ერთ-ერთი წარმატებული მომხმარებელი 16 წლის ზურა კურტანიძე გახლავთ, რომელიც ამჟამად Omedia-ს back-end დეველოპერია.
„Bitcamp-ზე დაახლოებით 1 წელია ვსწავლობ. პორტფოლიოს შექმნის შემდეგ, ოთარმა რამდენიმე კომპანიაში გამიწია რეკომენდაცია. გასაუბრებების შემდეგ Omedia-ში ამიყვანეს. უკვე 4 თვეა ვმუშაობ. პლატფორმას დიდ რეკომენდაციას ვუწევ, რადგან 0-იდან იწყებ სწავლას და თან სრულიად უფასოა“, – ამბობს ზურა კურტანიძე Business Feed-თან ინტერვიუში.

თუ ამ სფეროთი ხართ დაინტერესებული, გაწევრიანდით Bitcamp-ის Facebook ჯგუფში, რადგან ყველა შეკითხვაზე ამომწურავად გიპასუხებენ. პროგრამის დეტალურ აღწერასა და სასწავლო მასალებს კი Bitcamp.ge-ზე იხილავთ. თავდაპირველად, გამოსაცდელი პერიოდი 2-კვირიანია. პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, Slack-ის ონლაინკლასში მოხვდებით და ვებპროგრამირების საფუძვლების სწავლას დაიწყებთ. პროგრამის საბოლოო მიზანია, რომ რეალური Full-Stack პროექტების კეთება შეძლოთ.