რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენცია იყო. მართალია, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი ბუნდოვანია, თუმცა, რუსეთის გეგმების საპირისპიროდ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი შეიძლება, უახლოეს მომავალში მაინც გაფართოვდეს. სწორედ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო ხდება სულ უფრო რეალური შვედეთისა და ფინეთის ალიანსში შესვლის პერსპექტივა.
1949 წელს, როდესაც აშშ-მა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შექმნა, ისტორიულად ნეიტრალურმა შვედეთმა სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე უარი თქვა. შვედეთის ტერიტორიაზე ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში სამხედრო კონფლიქტი არ მომხდარა, ქვეყანამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მეორე მსოფლიო ომშიც მოახერხა და არ სურდა კიდევ ერთ შესაძლო ევროპულ ომში მონაწილეობა. რუსეთთან 1 300-კილომეტრიანი საზღვრის მქონე ფინეთი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი თავს დაესხა, სსრკ-სთან 1948 წელს დადებული „მეგობრობის“ ხელშეკრულების გამო იძულებული იყო, არ შეერთებოდა NATO-ს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შვედეთი და ფინეთი NATO-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ, 1994 წელს ორივე ქვეყანა ერთად შეუერთდა პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას (PfP). 1997 წელს კი ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოში გაწევრიანდნენ. 1995 წელს რეფერენდუმების საფუძველზე შვედეთი და ფინეთი ევროკავშირში შევიდნენ. ეს ფორმალურად ნეიტრალური სტატუსიდან გადახვევას ნიშნავდა, რადგან ევროკავშირის ხელშეკრულების 42.7 მუხლის მიხედვით, რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებმა მოკავშირეს სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ.
მე-20 საუკუნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის წარმატების გამო სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას შვედეთშიც და ფინეთშიც ცოტა მომხრე ჰყავდა. შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია და მემარცხენე ოპოზიცია NATO–ს მიმართ სკეპტიციზმით გამოირჩეოდნენ. გასული წლების განმავლობაში ალიანსში გაწევრიანებას შვედების საშუალოდ 30-35% ემხრობოდა, ფინელების – 25-28%. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ორივე ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობები შეიცვალა, 2022 წლის გამოკითხვების მიხედვით, ფინელების 68% NATO–ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ალიანსის წევრობის მომხრეთა რიცხვი იზრდება შვედეთშიც – 2022 წლის მარტში 51%-იანი მხარდაჭერა აპრილში 57%-მდე გაიზარდა.
რუსეთის ღია მუქარის ფონზე ორივე ქვეყანაში NATO–ში გაწევრიანების შესახებ დისკუსია და პოლიტიკური პროცესები აპრილიდან მიმდინარეობს. ფინეთი ცდილობს, ალიანსს სწრაფად შეუერთდეს და განაცხადი ივნისში დაგეგმილი NATO–ს მადრიდის სამიტამდე შეიტანოს; შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია კი ფინეთთან კოორდინირებული მოქმედებაა. მეზობელ რუსეთთან შედარებით მცირეა შვედეთისა და ფინეთის სამხედრო შესაძლებლობები. ქვეყნები თავდაცვაზე მშპ-ის მხოლოდ 2%-ს ხარჯავდნენ, თუმცა, ბოლო წლებში ალიანსის წვრთნებსა და ოპერაციებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული. NATO-ს გენერალური მდივნის – იანს სტოლტენბერგის თქმით, შვედეთი და ფინეთი როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, NATO-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ, რაც ალიანსს საშუალებას მისცემს, მათი განაცხადები დაჩქარებული წესით განიხილოს და ბიუროკრატიული პროცესები მაქსიმალურად გაამარტივოს.