თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყურადღების მისაქცევად უამრავი ბრენდი იბრძვის. ხშირად გვიჭირს გადავწყვიტოთ, რომელი კომპანიის პროდუქტითა თუ მომსახურებით ვისარგებლოთ. თუმცა, ერთი რამ ცხადია – არჩევანის გაკეთებისას ერთ-ერთ უმთავრეს როლს ბრენდის რეპუტაცია თამაშობს.
„როდესაც საქმეს რომელიმე ბრენდთან იჭერ, მასზე ყველაფერი გაინტერესებს – ვინ დგას ამ ბრენდის მიღმა, რა ამოძრავებს, რა გაუკეთებია და რას აკეთებს დღეს“, – ამბობს კომუნიკაციების სპეციალისტი და ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე.
ბრენდის რეპუტაცია მომხმარებლებთან კომუნიკაციით იქმნება. ასევე, მას ის გამოცდილებების ნაკრები ქმნის, რომელსაც მომხმარებლები კომპანიისგან წლების განმავლობაში იღებდნენ. ამიტომაც სოფო ამბობს, რომ რეპუტაციას ერთ დღეში ვერ შექმნი. ის ხანგრძლივი, შრომატევადი და უწყვეტი პროცესია:
„რეპუტაციაზე ზრუნვა კომპანიამ მაშინვე უნდა დაიწყოს, როდესაც ბაზარზე ჩნდება, და არასდროს შეწყვიტოს. რაც უნდა კარგი რეპუტაცია შეიქმნა, ის დროთა განმავლობაში ცვდება და მას მუდმივად სჭირდება განახლება“.
სოფო გვიხსნის, რომ რეპუტაციის შექმნის პროცესში, ყველაზე მთავარია, მართვის სადავეები თავად გვეჭიროს – ჩვენ განვსაზღვროთ, როგორ გვსურს ბრენდის წარმოჩენა და რა ტიპის ინფორმაციის გაღება გვირჩევნია:
„არსებობენ კომპანიები, რომლებიც არაფერს ჰყვებიან საკუთარ თავზე. მათ რეპუტაცია საერთოდ არ აქვთ. ასეთი მიდგომა ძალიან სახიფათოა, რადგან ის ქმნის ვაკუუმს. ამ ვაკუუმს ერთ მშვენიერ დღეს სხვა რამ აუცილებლად შეავსებს. როგორც წესი, ხშირად ეს ნეგატიური მოვლენაა ხოლმე. ასეთ დროს იქმნება ისეთი რეპუტაცია, რომელსაც მოვლენები განსაზღვრავენ და არა შენ.“
ამგვარი ნეგატიური შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, სოფო ამბობს, რომ მასთან გამკლავება გაცილებით მარტივია იმ ბრენდებისთვის, რომლებსაც მყარი რეპუტაცია აქვთ:
„როდესაც საზოგადოება გიცნობს და შენი კარგი საქმეებიც ახსოვს, ნდობის აღდგენასაც მალევე მოახერხებ. ამიტომ ვამბობთ, რომ რეპუტაციას შეუძლია დაგანგრიოს ან აგაშენოს.“
დღეს კომპანიებს საკუთარი თავის წარმოჩენის, რეპუტაციის შექმნისა თუ გამყარების უამრავი გზა აქვთ. სოციალური მედია ბრენდებს მომხმარებლებთან კომუნიკაციას გაცილებით უმარტივებს. თუმცა, სოფო ამბობს, რომ ბრენდისთვის საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის მომხმარებლისთვის შეთავაზება საკმარისი აღარ არის. მათ დღეს შემოქმედებითობა მეტად მოეთხოვებათ:
„წლების წინ ყურადღების მიქცევა გაცილებით მარტივი იყო. დღეს პარალელურად უამრავი რამ ხდება და ძალიან დიდი ხმაურია. პიარიც გაცილებით პროაქტიური გახდა. მნიშვნელოვანია, ბრენდებმა ახალი თემები თავად წამოჭრან.“
მართლაც, ქართულ სოციალურ მედიასა თუ ტელესივრცეში წამყვანი ბრენდების მიერ შექმნილი მრავალფეროვანი კონტენტი გვხვდება. ის პროდუქტის რეკლამირების გარდა, ხშირად კონკრეტულ გზავნილებს შეიცავს და ბრენდის ღირებულებებს და სათქმელს გამოხატავს. პიარის ეს პროაქტიურობა კომპანიისა და მომხმარებლის ურთიერთობებს უფრო საინტერესოსაც ხდის და მათ შორის დიალოგსა და ნდობის გაჩენასაც აადვილებს.