საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის – საერთაშორისო გამოცემის – Global Finance-ის აღიარება წელს საქართველოს ბანკს ერგო.
მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრებისა და საჭიროებების ცოდნა, მრავალფეროვანი პროდუქტი და მომსახურება, ბაზრის მდგომარეობა და ინოვაციურობა – ეს ის კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც გავლენიანმა გამოცემამ საუკეთესოები 66 ქვეყანაში დაასახელა. წამყვან ქართულ ბანკს Global Finance-ისგან წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. სხვადასხვა ნომინაციას Best SME Bank-ის ტიტულიც მიემატა.
ამ აღიარებას წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე დიდი გავლენა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე (SME) იქონია. პანდემიის გავრცელებასთან ერთად კომპანიების უმეტესობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და გადარჩენისთვის საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა დასჭირდა.
„ეს ბიზნესები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მათი მიღწევების აღიარებისთვის Global Finance–მა SME Bank Awards Program შექმნა. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავაფასოთ ფინანსური ინსტიტუტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაწეული საუკეთესო მომსახურებისა და მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი ჯოზეფ დ. ჯიარაფუტო.
მცირე და საშუალო ბიზნესი პრიორიტეტულია საქართველოს ბანკისთვის. ბიზნესის ამ სეგმენტზე ბანკის მიდგომას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს – ყველაფრის ცენტრში მომხმარებელია და ყველა გადაწყვეტილება მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება. პანდემიით მოტანილი კრიზისის საპასუხოდ წამყვანი ბანკის გუნდმა ფოკუსირება ბიზნესის საჭიროებებზე მოახდინა. დანერგილი პროგრამები და პროდუქტები არც საერთაშორისო ჟურნალისთვის დარჩა შეუმჩნეველი.
„მცირე და საშუალო ბიზნესზე პანდემიის დიდი ზეგავლენის შესამცირებლად ბანკმა არაერთი ნაბიჯი გადადგა. წლებია, სექტორის საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს ვნერგავთ და ვავითარებთ. განსაკუთრებით დიდი ყურადღება პანდემიის ფონზე მცირე და საშუალო ბიზნესების გაჯანსაღებასა და განვითარების ხელშეწყობას დაეთმო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვუსმინოთ ბიზნესის წარმომადგენლებს, უკეთ გავიგოთ მათი გამოწვევების შესახებ, რათა შევძლოთ საჭირო დროს მათთვის ყველაზე საჭირო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება. ეს ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს ბანკის, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორისა და კიდევ ერთი სტიმული, რომ არ გავჩერდეთ“, – ამბობს Business Feed-თან საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი.
მიღწეულის აღიარება საქართველოს ბანკს ახალი პროდუქტების დანერგვისკენ უბიძგებს. სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ ეპოქაში ცვალებადია ბიზნესის საჭიროებები და ფინანსური პროდუქტებიც. ბანკის მიზანი ტრადიციული საბანკო სერვისების სრული გაციფრულებაა. დისტანციურმა, უსაფრთხო და შეუფერხებელმა მომსახურებამ SME სეგმენტს ბიზნესოპერაციები უნდა გაუმარტივოს და განვითარების ახალ რეალობაში ჩართოს.
„ჩვენ ორი მნიშვნელოვანი რამ გვამოძრავებს: ერთი მომხმარებლის საჭიროების ცოდნაა. ეს ერთი შეხედვით მარტივად ჟღერს, თუმცა, ამის უკან იმ გუნდის დიდი შრომა და ძალისხმევაა, რომელიც ცდილობს, ყოველდღიურ რეჟიმში შეისწავლოს მომხმარებლის საჭიროებები, რათა მათ შესაბამისი შეთავაზებები მოუმზადოს. მეორე მომხმარებლის კმაყოფილებაა, რისი კონტროლიც ყოველთვიურად ხორციელდება და როგორც კი რამე გამოვლინდება, რეაგირება ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ წლების განმავლობაში ვქმნით საუკეთესო ციფრული არხებს, ყველაზე სწრაფი დაკრედიტების სისტემას და ჩვენს პარტნიორებს სექტორულად სპეციალურ პროდუქტებს ვთავაზობთ“, – ამბობს ზურაბ მასურაშვილი.