ნოემბრის თვე ქართული სპორტისთვის მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. მსგავსი წარუმატებლობების შემდეგ საზოგადოებაში აქტუალური ხდება კითხვა: უნდა ვიხდიდეთ თუ არა ამდენ ფულს სპორტში?! მეტიც, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სპორტი გადასახადების გადამხდელთა ფულით?!
„აუცილებელია სპორტისადმი სისტემური მიდგომა, სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნა… სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი”, – წერია 2013 წელს დამტკიცებულ სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტში. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს როგორც საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ისე პროფესიონალური სპორტის ხელშეწყობაზე. მართლაც, ყოველწლიურად ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი იხარჯება.
პროფესიონალური სპორტის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან გაღებული თანხის მოცულობა წლების მიხედვით განსხვავდება. მაგალითისთვის, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის 84 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ეს ფული ნაკრებების მომზადებას, საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობას, ადგილობრივი ფედერაციების ინვენტარით აღჭურვასა და სპორტისთვის საჭირო სხვა მიზნებს ხმარდება.

2018 წლის მონაცემთან (151 877.2 მილიონი ლარი) შედარებით, 2020 წელს დაფინანსება თითქმის განახევრებულია. კლების დაწყება დროში ემთხვევა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების სამინისტროსთვის დაქვემდებარებას.
სპორტის სხვადასხვა სახეობა სახელმწიფოსგან განსხვავებული ოდენობის თანხას იღებს. მაგალითად, საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წწ.) სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, 6 წელზე გაწერილი 211 მილიონი ლარიდან 2020 წელს ფეხბურთისთვის ჯამში 37 მილიონი ლარი გამოიყო. მოგვიანებით, კოვიდ-პანდემიის გამო დაფინანსება 23 მილიონამდე შემცირდა. მიუხედავად მსხვილი ინვესტიციებისა, ქართულ ფეხბურთში დღესაც არეულობაა. ამ დროს გვაქვს განვითარებული ქვეყნების მაგალითები, სადაც სახელმწიფო სუბსიდირებისგან თავისუფალი საფეხბურთო სამყარო საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს სკეპტიკურად სპორტის სახელმწიფოსგან დაფინანსებას.
ამ თემაზე სასაუბროდ Business Feed ქართული სპორტის ერთ-ერთ ქომაგს – გიორგი ჯანელიძეს დაუკავშირდა.
ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ კერძო სექტორის მიერ დაფინანსება სპორტული კლუბების მოტივაციას დადებითად წაადგება, თუმცა, ეს არ უნდა გამორიცხავდეს პარალელურად სახელმწიფო დაფინანსების არსეობობას. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირება მოკლე ვადაში სპორტული შედეგების კატასტროფულ ვარდნას გამოიწვევს. პრობლემები შეექმნებათ ახალბედა სპორტსმენებსაც, განსაკუთრებით არაგუნდურ სპორტში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბების უმრავლესობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, ფეხბურთს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა ნაკლებად დააზარალებს სპორტის იმ სახეობებთან შედარებით, რომლებიც სრულიად უსახსროდ რჩებიან.
„ალბათ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ სახეობებს, სადაც უკვე კარგი შედეგები გვაქვს. ასევე იმ სახეობებს, რომლებშიც ბევრი ოლიმპიური მედალი თამაშდება, მაგალითად, მძლეოსნობა და ცურვა. ათლეტების ხელფასებიც შედეგების მიხედვით უნდა განისაზღვროს – ასეთი კრიტერიუმები ყველა სახეობაში არსებობს,“ – ამბობს ის.

გიორგი ჯანელიძე მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში უცვლელი პოლიტიკის წარმოება სპორტის განვითარებას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში ზოგიერთ გუნდურ სპორტში შედეგები გაუმჯობესდა, ოლიმპიურ სახეობებში ქართველთა მიღწევები მეტ-ნაკლებად უცვლელია. ხოლო სპორტის მიმართ გულგრილი მოქალაქეების მიერ სპორტის დაფინანსების ვალდებულებასთან დაკავშირებით ქომაგმა თავისი პოზიცია დააფიქსირა:
„მოსაზრებას, რომ ეს უსამართლობაა, მთლიანად ვეთანხმები, მაგრამ საკითხი მაინც საკამათოა.“
სპორტის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ეკონომისტ ალექსანდრე რაქვიაშვილს:
„სპორტის დაფინანსების ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ სპორტი ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, გადასახადების ხარჯზე ფინანსდება, არის ჩემთვის მიუღებელი.“
რაც შეეხება სპორტისთვის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს, რაქვიაშვილისთვის მისაღები იქნება, სპორტსმენის ანაზღაურება მაყურებლის, სპონსორებისა და ქველმოქმედების კეთილი ნებით განისაზღვრებოდეს.

„უსამართლობაა გადასახადების გადამხდელთა ფულით სპორტის დაფინანსება,“ – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი და სახელმწიფო დაფინანსების შეზღუდვის შედეგებზე საუბრისას ამბობს:
„რამდენიმე ძირითადი ეფექტი უნდა გამოვყოთ: 1. სპორტის სამინისტროზე ჩამოკიდებული სპორტსმენები დაკარგავენ სამსახურს, ხოლო ვისაც რამე ღირებულის შექმნა შეუძლია, გააგრძელებს სპორტსმენობას, რათა მეტი სიხარული მოუტანოს გულშემატკივარს (და შედეგად მეტი ფული მიიღოს თვითონ) 2. აღარ მოგვიწევს ათასობით პარაზიტის შენახვა, რომლებიც სხვადასხვა ფედერაციაში სხედან და მავნებლობენ.“
ეკონომისტი ვერც გარკვეული სპორტის სახეობების გაქრობაში ხედავს პრობლემას:
„თუ ჩვენს თანამოქალაქეებს ეს სპორტი არ მოსწონთ, ის რატომ უნდა არსებობდეს?“ – ამბობს ის და დასძენს, რომ კონტროლის მექანიზმების მთავრობის ან ფედერაციების ხელში კონცენტრირება მოცემული დაფინანსების მოდელის დიდი პრობლემაა.
რეალობა ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფედერაციების ანგარიშზე ფულის გადარიცხვით სპორტი ძალიან ნელა, ან საერთოდ არ ვითარდება. საჭიროა შესაბამისი სამსახურების მიერ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, ან ლიბერალური ხედვების თანახმად, ვაცადოთ სპორტს, „ბაზარმა დაარეგულიროს“. ფაქტი ერთია: ცვლილება.